ვასაძე: არავითარი კომბალი, შევდივართ შიშველი ხელებით კინოთეატრებში და ვშლით ამ სეანსებს

ბიზნესმენი ლევან ვასაძე ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) დაგეგმილი კინოჩვენების ჩაშლით იმუქრება. „ფეისბუკზე“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ვასაძე ხალხს კვლავ ვერის ბაღში შეკრებისკენ მოუწოდებს. როგორც მან თქვა, შეკრებილები გაიყოფიან და თბილისში მდებარე ხუთივე კინოთეატრში მივლენ, სადაც კინოჩვენება იგეგმება. ვასაძე იმედოვნებს, რომ ხალხი ბათუმშიც ჩაშლის ჩვენებას.

„მოვუწოდებ ყველას, არავითარი ცემა-ტყეპა, არავითარი კომბალი ან იარაღი, უბრალოდ შევდივართ შიშველი ხელებით კინოთეატრებში და ვშლით ამ სეანსებს. შევდივართ საოპერატოროში და ვთიშავთ ფილმის ჩვენებას“, - ამბობს ვასაძე.

And Then We Danced-ის წინააღმდეგ „დიდი პროტესტით“ იმუქრება საპატრიარქოც.

„ქართული მარშის" ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ 4 ნოემბერს, უკვე მეორედ და სპეციალურად ამ თემაზე გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ არ დაუშვებს ოსკარზე წარდგენილი ქართულ-შვედურ-ფრანგული ფილმის, „And then we danced“ ჩვენებას საქართველოს კინოთეატრებში.

ფილმის ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში მხოლოდ სამი დღით, 8,9 და 10 ნოემბერს გაიმართება. პირველ ჩვენებამდე 4 დღით ადრე ყველა ბილეთი გაყიდულია. ბილეთების ზუსტი რაოდენობა არ კონკრეტდება - საუბარია რამდენიმე ათას მაყურებელზე თბილისსა და ბათუმში.