ზურაბიშვილი: მიუღებელია ქალთა მიმართ ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ძალადობა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქალთა მიმართ ძალადობის წინაღმდეგ „ფეისბუკზე“ წერს.

„მიუღებელია ქალთა მიმართ ნებისმიერი სახის ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ძალადობა. ძალადობის მსხვერპლი შესაძლოა, აღმოჩნდეს ნებისმიერი ადამიანი და საზოგადოება ამ დანაშაულის მიმართ შემწყნარებელი ვერ იქნება, რადგან ეს ქართული კულტურისა და ტრადიციებისთვის შეუსაბამოა“, - აღნიშნავს ზურაბიშვილი.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე ადასტურებს ინფორმაციას, რომ მის ყოფილ მეუღლეს ფსიქოლოგიური ძალადობის გამო შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის მიცემულ კომენტარში მან განაცხადა, რომ ყოფილი მეუღლის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის გამო დაახლოებით 2 კვირის წინ სამართალდამცავებს მიმართა. საქმეზე სასამართლომ იმსჯელა და მოძალადეს შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს. მოძალადეს დეპუტატთან 1 თვის განმავლობაში მიახლოება და კომუნიკაცია ეკრძალება.