მალხაზ მაჩალიკაშვილი: თემირლანის საქმის შეწყვეტას არ დავუშვებთ

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის შესაძლო შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა უარყოფს.

როგორც პროკურატურიდან აცნობეს რადიო თავისუფლებას, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიების შესაძლო შეწყვეტის შესახებ ცნობა საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ გაავრცელა წყაროზე დაყრდნობით.

„როგორც სააგენტოს ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება ფაქტობრივად, დაასრულა და სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტება ვერ დაადგინა“, - წერს „ინტერპრესნიუსი“.

პანკისის ხეობაში სპეცრაზმელის მიერ სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ საქმის შეწყვეტას არ დაუშვებს.

„გამოძიების შეწყვეტას, ის ხალხი, რომელიც ჩემს გვერდით იბრძვის და ჩვენ, არ დავუშვებთ. მაგრამ შემაჯამებელი დასკვნა მე მჭირდება, მე მჭირდება, დაადანაშაულებენ თემირლანს თუ გაამართლებენ, ეს მე მჭირდება სტრასბურგისთვის, ამას მე ველოდი და ამასაც ველოდები“, - აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობის სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სასიკვდილოდ დაჭრეს. ის მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.

თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები ამ დრომდე მოითხოვენ, სახელმწიფომ ჩადენილი დანაშაული აღიაროს, რისთვისაც აქციებს მართავენ პარლამენტის შენობის წინ. ისინი მთელი საქართველოს მასშტაბით აგროვებდნენ ხელმოწერებს დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე ინიციატივა დაარეგისტრირა.

სტრასბურგის სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის არსებითი განხილვის გადაწყვეტილება მიიღო.

დავა შეეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შემდეგ მუხლებს:

  • მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება),
  • მე-3 მუხლი (წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა),
  • მე-13 მუხლი (უფლება ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებებზე).

22 ოქტომბერს​ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს, რომ შს მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური პროკურატურაში გამოკითხეს. პროკურატურაში ასევე გამოკითხეს სუს-ის ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიმაკაძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი. გამოკითხვა მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიებას შეეხებოდა.