2018 წელს თბილისის მერიამ სატელევიზიო რეკლამების 69% ტელეკომპანია იმედში განათავსა

საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მუხლით 2018 წელს თბილისის მერიის ადმინისტრაციამ და საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტომ თითქმის სამი მილიონი, 2 717 500 ლარი დახარჯეს, რაც წინა წელთან შედარებით 1 790 000 ლარით მეტია. მონაცემებს “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” (IDFI) ავრცელებს მერიიდან მიღებულ საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით.

მოსახლეობის ინფორმირებისთვის დახარჯული თანხების ზრდა, სავარაუდოდ, გამოწვეულია საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტოს შექმნით, რომლის ხარჯებიც რეკლამასთან ერთად მოიცავს ადმინისტრაციულ ხარჯსაც, მაგალითად, სააგენტოს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებისთვის 512 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.

მერიიდან IDFI-სთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 137 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა სოციალურ ქსელ ფეისბუკში განთავსებულ რეკლამაზე, 526 ლარზე მეტი - საინფორმაციო ვიდეორგოლების სატელევიზიო ეთერში განთავსებისთვის, 12 ათას ლარამდე კი - რადიორეკლამაში.

მერიის სატელევიზიო რეკლამის 69,5%, რაც 361 117 ლარს შეადგენს, 2018 წელს ტელეკომპანია „იმედში“ განთავსდა.

არასამთავრობო ორგანიზაციას 2017-2018 წლებში გაწეული სარეკლამო ხარჯების შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდა თბილისის საკრებულომ.