ბათუმში, თურქეთის საკონსულოსთან საპროტესტო აქციაზე შეიკრიბნენ ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია გორაძის (ლავასოღლი) ოჯახის წევრები და ახლობლები. ისინი მოითხოვენ პასუხს, რა დანაშულისთვის იმყოფება ლავასოღლი თურქეთის საპყრობილეში.
მინდია გორაძის დის, ირინა გორაძის განცხადებით, ერთი წელია მისი ძმა თურქეთის საპატიმროშია, სასამართლოს სხდომები თვეში ერთხელ იმართება და დღემდე ვერ მიიღეს პასუხი, რა ბრალი აქვს წაყენებული. ირინა გორაძის თქმით, განმარტებას თურქეთის საკონსულოსგან ითხოვენ.
მინდია ლავასოღლის ადვოკატის, ლექსო კობაიძის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თურქეთში პირველად 2018 წელს დააკავეს. კობაიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც საქართველოში ლავასოღლის პატიმრობა დაუსწრებლად მიესაჯა, ქართულმა მხარემ თურქეთს ვერ გადასცა ბრალდების დამამტკიცებელი და ექსტრადიციისთვის აუცილებელი დოკუმენტები და ლავასოღლი საპატიმროდან გაუშვეს, თუმცა, მალევე ისევ დააკავეს. ადვოკატის ინფორმაციით, დღემდე არ იციან, რას ედავება თურქეთი ლავასოღლის.
2018 წლის ივლისში, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მინდია გორაძე დამნაშავედ ცნო „კანონიერ ქურდობაში“, ჯგუფურად გამოძალვის ორგანიზებასა და ძალადობის მუქარით ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობისთვის ხელის შეშლაში და დაუსწრებლად მიუსაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2019 წლის აპრილში, ბათუმის საქალაქო სასამართლომ „კანონიერი ქურდობისა“ და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის მუხლებით ლავასოღლის დაუსწრებლად შეუფარდა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.