რუსთავში ეკოლოგიური მდგომარეობა გააპროტესტეს

3 ნოემბერს, თავისუფლების მოედანზე, რუსთავის თვითმმართველობის შენობის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ეკოაქტივისტების ჯგუფ „გავიგუდეს“ ორგანიზებით ჩატარდა. 150-მდე მონაწილეს სიტყვით მიმართეს სამოქალაქო აქტივისტებმა, ექიმებმა, საწარმოთა ამჟამინდელმა და ყოფილმა თანამშრომლებმა.


აქციის მონაწილეთა თქმით, რუსთავში ონკოლოგიური დაავადებების სიხშირე აღემატება სხვა ქალაქებში არსებულ მაჩვენებელს და ამის მთავარი მიზეზი საწარმოთა გამონაბოლქვია. გარდა ამისა, საყვედური გამოთქვეს რუსთავის თვითმმართველობის მიმართ, რომელთა წარმომადგენლებიც, ერთ-ერთი გამომსვლელის თქმით, პროტესტის მონაწილეებს უნდა შეერთებოდნენ.

აქციაზე ხელმოსაწერად გავრცელდა პეტიცია, სადაც რუსთაველები საწარმოებისგან მოითხოვენ: წარმოების სისტემის ევროპულ სტანდარტებთან მორგებას, ფილტრაციის სისტემის მოწესრიგებას, ქარხნებში მომუშავეთათვის ღირსეული და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას. ასევე, პეტიციის ავტორებმა ქარხნებისგან მოითხოვეს 2 თვის ვადაში საწარმოო ნარჩენების მართვის კონკრეტული გეგმა და მისი განხორციელება.

„გავიგუდეს“ ლიდერმა ნიკოლოზ მუსერიძემ აქციის ბოლოს საწარმოებს ულტიმატუმი წაუყენა და მოითხოვა 5 დღის ვადაში „კომუნიკაციაზე გამოსვლა და პეტიციაში ჩამოთვლილ მოთხოვნებზე პასუხის გაცემა“, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, საპროტესტო აქციები გაგრძელდება და „უფრო რთულ ფორმებს მიიღებს“. შემდეგ აქციის მონაწილეებმა ავტომანქანებით თავისუფლების მოედნიდან საწარმოებთან გადაინაცვლეს და საპროტესტო პლაკატები გააკრეს.