პროკურატურა განმარტავს, რატომ ვერ ხედავს მეუფე იაკობის განცხადებაზე გამოძიების საფუძველს

საქართველოს გენერალური პროკურატურა სპეციალურ განცხადებაში განმარტავს, რატომ ვერ ხედავს ბოდბელი ეპისკოპოსის საჯარო განცხადებებზე გამოძიების დაწყების საფუძველს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიების დაწყების საფუძველი ვერ გახდება ისეთი საჯარო განცხადება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილის სინამდვილეს განმცხადებელი თავად უარყოფს:

„სატელეფონო ინტერვიუს დროს მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ სამი წლის წინ, მაშინდელი პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და რამდენიმე სასულიერო პირი განიხილავდნენ პატრიარქის ლიკვიდაციისა და მისი საპატრიარქო ტახტიდან გადაყენების საკითხს.
აღნიშნული განცხადება, პატრიარქის შესაძლო ლიკვიდაციის ნაწილში, მეუფე იაკობმა მეორე დღესვე უარყო. შესაბამისად, მიჩნეულ იქნა, რომ მეუფე იაკობის ეს განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს, რაც მან თავადვე დაადასტურა, რის გამოც სამართლებრივად ის ვერ დაედებოდა საფუძვლად გამოძიების დაწყებას“
, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

განცხადებაში განმარტებულია ისიც, რატომ არ შეიძლებოდა გამოძიების დაწყების საფუძველი გამხდარიყო მეუფე იაკობის განცხადების ის ნაწილი, რომელიც ეხებოდა პატრიარქის საპატრიარქო ტახტიდან გადაყენების საკითხს. განცხადებაში, კერძოდ, ნათქვამია, რომ ამ ნაწილშიც მეუფე იაკობის განცხადებები უზუსტობებსა და წინააღმდეგობრივ დებულებებს შეიცავს:

„მეუფე იაკობის მიერ შეხვედრაზე დამსწრეთა შორის დასახელებულმა პირებმა, (როგორც სასულიერო, ისე საერო პირმა) საჯაროდ კატეგორიულად უარყვეს არა თუ პატრიარქის გადაყენების საკითხის განხილვა რაიმე შეხვედრაზე, არამედ თავად ამგვარი შეხვედრაც კი. აღნიშნული ფაქტობრივად გამორიცხავს ამ ინფორმაციის სისწორის თეორიულ შესაძლებლობასაც კი.


საქარველოს პროკურატურაში ასევე შეფასებულ იქნა მეუფე იაკობის განცხადების ის ნაწილი, რომელიც შეეხება რამაზ ნიკოლაიშვილის მიმართ დანაშაულის შესაძლო ჩადენას. ამ ნაწილში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თავად დანაშაულის შედეგად შესაძლო დაზარალებულმა პირმა საჯაროდ უარყო მის მიმართ რაიმე სახის უკანონო ქმედებების განხორციელება, რის გამოც აღნიშნული განცხადება მიჩნეულ იქნა დაუდასტურებელ ინფორმაციად“, - ვკითხულობთ საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა 26 ოქტომბერს ტვ „პირველის“ ეთერში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და შს მინისტრი ვახტანგ გომელაური პატრიარქის გადაყენების მცდელობაში დაადანაშაულა.

ბოდბელი ეპისკოპოსის სიტყვებს გიორგი გახარიამ სისულელე უწოდა და აღნიშნა, რომ მსგავს შეხვედრას არ დასწრებია.

განცხადების შემდეგ მეუფე იაკობი პატრიარქის ქორეპისკოპოსისა და საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობებიდან გადადგა.

31 ოქტომბერს საპატრიარქოს წმინდა სინოდმა მთავარეპისკოპოსი იაკობი მღვდელმთავრისათვის შეუფერებელი საქციელისთვის გააფრთხილა.

„მთავარეპისკოპოსმა იაკობმა გამოხატა სინანული თავისი არაკორექტული საჯარო გამოსვლების გამო. წმინდა სინოდმა განაჩინა: მთავარეპისკოპოს იაკობს მღვდელმთავრისათვის შეუფერებელი საქციელის გამო მიეცეს გაფრთხილება, ხოლო განმეორების შემთხვევაში მიღებულ იქნას მკაცრი ზომები“, - ნათქვამია სინოდის სხდომის ოქმში.