მეუფე პეტრე აპირებს, მმართველობა მეუფე გრიგოლს გადააბაროს

ჭყონდიდის მიტროპოლიტის რეზიდენცია

სინოდის მიერ ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობისგან გათავისუფლებული მეუფე პეტრე ცაავა მარტვილის რეზიდენციაში დროებითი მმართველის, მეუფე გრიგოლ კაციას მისვლას ელოდება. ჟურნალისტების შეკითხვას, აპირებს თუ არა, მმართველობა მეუფე გრიგოლს გადააბაროს, მეუფე პეტრემ უპასუხა: „რა თქმა უნდა“.

დილით მეუფე პეტრე იმყოფებოდა სალხინოში მდებარე მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა გიმნაზია-პანსიონში, სადაც, მისი თქმით, აღსაზრდელებს დაემშვიდობა.

მეუფე პეტრე ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობისაგნ 31 ოქტომბერს გათავისუფლდა. სინოდის განჩინებით, „მიტროპოლიტ პეტრეს, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე (სადაც ნათქვამია, რომ მკაცრად ისჯება სასულიერო დასის წევრი (კლერიკოსი),[1] რომელიც შეურაცხყოფს საკუთარ ეპისკოპოსს) აეკრძალოს მღვდელმოქმედება, განთავისუფლდეს ეპარქიის მმართველობისა და წმინდა სინოდის წევრობისაგან და გამწესებულ იქნას მონასტერში მოსანანიებლად“.

სინოდის გადაწყვეტილებითვე, ჭყონდიდის ეპარქიის დროებით მმართველად დაინიშნა წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია).

სინოდის სხდომა დასრულებამდე დატოვა მეუფე პეტრემ. „წმინდა სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, პირადად პატრიარქმა, სინოდის თავმჯდომარემ, მე მიმაჩნია, რომ უსამართლოდ განმაყენა მღვდელმთავრობიდან. მე ვფიქრობ, მიზეზი არის საქართველოს ეკლესიაში პიდარასტიის მხილება, მამათმავლობისა და პიდარასტული ცოდვის მხილება“, - განაცხადა მეუფე პეტრემ. ჟურნალისტების შეკითხვას, ვინ ამხილა, უპასუხა, რომ სინოდის თავმჯდომარე.

ჭყონდიდის ეპარქიის სასულიერო პირები აცხადებენ, რომ დროებით მმართველს, მეუფე გრიგოლს არ მიიღებენ.