ფშაველი-აბანო-ომალოს უღელტეხილზე დღეიდან სატრანსპორტო მოძრაობა შეწყდა. ამის შესახებ, თუშეთში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ლადო კახოიძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, აბანოს უღელტეხილზე თოვლი მოვიდა.
„მოსახლეობას ვაფრთხილებთ, რომ თავი შეიკავონ გადაადგილებისგან. სეზონი 15 ოქტომბრამდე გრძელდება ხოლმე, თუმცა რადგან აქამდე კარგი ამინდები იყო, წელს მეტის საშუალება მოგვეცა. 2020 წლის მაისამდე გზა აღარ გაიხსნება“, - განაცხადა კახოიძემ.
თუშეთისკენ მიმავალ გზაზე დაწესებული შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს საავტომობილო გზების დეპარტამენტიც.
უწყებაში ამბობენ, რომ თოვის გამო ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 36-ე კილომეტრიდან 72-ე კილომეტრამდე მონაკვეთზე, აიკრძალა ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ფშაველი-აბანო-ომალოს გზა წლევანდელ სეზონზე დაგვიანებით გაიხსნა, რაც მოსახლეობამ რამდენჯერმე გააპროტესტა.