გოცირიძე კალაძეს ტყუილში ადანაშაულებს: პარკირების ჯარიმის გაზრდა პარლამენტს არ დაუმტკიცებია

კახა კალაძე

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის თანახმად, თბილისის მერმა კახა კალაძემ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა, როდესაც 30 ოქტომბერს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ პარლამენტმა მხარი დაუჭირა პარკირების წესების დარღვევისთვის ჯარიმის 10-დან 50 ლარამდე გაზრდის გადაწყვეტილებას. როგორც რომან გოცირიძემ სხდომაზე თქვა, საკითხი მხოლოდ ორი მოსმენითაა მიღებული და თანაც ისე, რომ იგი პროფილურ კომიტეტებზე არ განხილულა:

„მე მინდა პირდაპირ განვაცხადო, რომ ეს არის პირდაპირ საბიუჯეტო საკითხი. იგი არ განხილულა არც დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე, არ განხილულა არც საფინანსო კომიტეტზე. ამ კანონის მიღება არის დაუშვებელი და მოგიწოდებთ, რომ გამოასწოროთ ქალაქი მერის არასწორი განცხადება.

მან თქვა, რომ უკვე მიიღო პარლამენტმაო, არადა, მესამე მოსმენით არის ეს საკითხი კენჭსაყრელი და გადაიდოს მანამ, სანამ ეს არ იქნება განხილული უფრო დაწვრილებით და მანამ, სანამ ამ საკითხზე არ იმსჯელებს პროფილური კომიტეტები“, - რომან გოცირიძის განცხადებით, საკითხი განხილულია მხოლოდ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, რაც არასაკმარისია.

რომან გოცირიძის ამ მოთხოვნის პასუხად, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადეს, რომ არასწორი პარკირებისთვის მძღოლებისთვის ჯარიმის გაზრდის გადაწყვეტილება განხილული იყო როგორც კომიტეტების, ასევე პლენარულ სხდომაზე.

ამ განმარტების მიუხედავად, ისინი ეთანხმებიან კანონპროექტის მესამე მოსმენით კენჭისყრის გადადების მოთხოვნას იმ არგუმენტით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმის დასრულებამდე ცვლილების ამოქმედება მიზანშეწონილი არ არის.

თბილისის მერმა დღეს, 30 ოქტომბერს, დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტმა 29 ოქტომბერს დაამტკიცა პარკირების წესის დარღვევაზე კანონპროექტი, რომლის ძალითაც ჯარიმის ოდენობა 10-დან 50 ლარამდე გაიზარდა. მოგვიანებით მან დააზუსტა, რომ ცვლილება ძალაში შევა მიმდინარე წლის ბოლოდან ან მომავალი წლის დასაწყისიდან, იმ დროისათვის, როდესაც დასრულებული იქნება თბილისის ავტობუსების პარკის განახლება.