გაფიცვის გამო ისრაელის საელჩომ საქართველოში მუშაობა შეაჩერა

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოცხადებული გაფიცვის გამო, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მუშაობა შეწყვიტეს ისრაელის დიპლომატიურმა მისიებმა.

„გაცნობებთ, რომ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაფიცვის გამო, 30 ოქტომბრიდან ისრაელის საელჩო და საკონსულო განყოფილება საქართველოში არ იმუშავებს შემდგომ შეტყობინებამდე“, - ნათქვამია ისრაელის საელჩოს ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში.

გაფიცვის მიზეზია ისრაელის საგარეო საქმეთა და ფინანსთა სამინისტროებს შორის არსებული უთანხმოება.

სააგენტო DPA პროფკავშირებზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელის ფინანსთა სამინისტროს სურს, გადასახადით დაბეგროს საზღვარგარეთ დიპლომატიური მისიების თანამშრომელთა სახელფასო დანამატი.

ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, დანარჩენი მოქალაქეების მსგავსად, მოუწევთ გადასახადების გადახდა.

მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაში ისრაელის საელჩოები 2014 წელსაც გაიფიცნენ, თანამშრომლების ხელფასის გაზრდის მოთხოვნით.