იაკობის ეკლესია

ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი (იაკობიშვილი) მხოლოდ სასულიერო თანამდებობას, ქორეპისკოპოსობას კი არ დაემშვიდობა, მან საპატრიარქოს ერთ-ერთი ყველაზე საკვანძო, საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარეობაც დატოვა. ვინ შეცვლის იაკობს და ვის ჩააბარებენ ეკლესიის ფინანსების განკარგვას, ჯერ უცნობია. თეოლოგების შეფასებით, პატრიარქის ქორეპისკოპოსს ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ბერკეტი გამოაცალეს. რა ხდება ეკლესიის შიგნით - ამაზეც მხოლოდ ვარაუდები არსებობს. და ბევრი კითხვა.

საფინანსო ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე მხოლოდ ქორესპისკოპოსი შეიძლება იყოს?

არა.

თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტავს, რომ ამ თანამდებობაზე წესით, უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც ეკონომიკური განათლება აქვს. მისთვის უცნობია, რა ნიშნით დანიშნეს თავის დროზე მეუფე იაკობი ამ პოსტზე და ჰქონდა თუ არა მას ეკონომიკური განათლება. თუმცა ფაქტია, რომ იაკობს ეჭირა ორი სერიოზული პოსტი საქართველოს საპატრიარქოში.

ის, როგორც ქორეპისკოპოსი, იყო პატრიარქის მოადგილე გარკვეულ საკითხებში - მაგალითად, ის ხელმძღვანელობდა ზნეობრივ საბჭოსაც, სადაც განიხილება სასულიერო პირების პირადი გადაცდომები.

ასევე:

„იაკობი იყო გამხმოვანებელი კათოლიკოს-პატრიარქის პოზიციების და ნების, მას შეეძლო ნებისმიერ დოკუმენტზე მოეწერა ხელი უწმინდესის სახელით“, - გვეუბნება გიორგი ტიგინაშვილი.

მეუფე იაკობს ასევე შეეძლო ყოფილიყო შუამავალი სამთავრობო უწყებებთან და მათთან ეკლესიის პირველი პირების სათქმელი მიეტანა.

თუმცა, როგორც თეოლოგი აფასებს, საპატრიარქოს აღარ ეყო რესურსი, მისთვის მფარველობა გაეწია, მითუმეტეს, თუ ბოლო დროს, მის არაერთ საჯარო პროვოკაციულ განცხადებას გავიხსენებთ. ამიტომ, ის გადააყენეს.

რა პოზიციაზე რჩება მეუფე იაკობი?

მეუფე იაკობი წმინდა სინოდის ნომინალურ წევრად დარჩება. ამავე დროს, ის გაუძღვება თავის ეპარქიას ბოდბეში.

ქორეპისკოპოსობის დატოვების შემდეგ, იაკობს შეეძლო დარჩენილიყო საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარედ, თუმცა როგორც გიორგი ტიგინაშვილი ვარაუდობს, საპატრიარქომ მისი „განეიტრალებისთვის“ გამოიჩინა მაქსიმალური ძალისხმევა და ამით ეცადა საპატრიარქოს ადმინისტრაციისათვის აეცილებინა საზოგადოებიდან წამოსული ზეწოლა.

მოკლედ, იაკობმა დატოვა როგორც სასულიერო თანამდებობა, ისე საპატრიარქოს მენეჯმენტიც.

რას განაგებს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭო?

ფინანსური განყოფილება საქართველოს საპატრიარქოს საკვანძო სფეროს მიეკუთვნება. „ეს იყო ერთგვარი „შავი ხვრელი“, - ამბობს გიორგი ტიგინაშვილი, რომლის შეფასებით:

  • ეკლესიის ფინანსების მონიტორინგი და აუდიტი არასდროს ხორციელდება,
  • ეკლესიის სახელით შემოტანილი ქონება არ იბეგრება,
  • საზოგადოებისათვის კი უცნობია ეკლესიის ფინანსების მიზნობრიობის და ხარჯთაღრიცხვის დეტალები.

შესაბამისად, ამ საბჭოს ხელმძღვანელობიდან წასვლის შემდეგ, მეუფე იაკობმა ყველაზე მძლავრი ბერკეტი დაკარგა, რაც დიდწილად საეკლესიო ცხოვრებასაც კი განსაზღვრავდა:

„იქიდან გამომდინარე, რომ ეპარქიების ბიუჯეტი, სხვადასხვა ტიპის სუბსიდიები, პროექტები თუ პროგრამები, რომლებიც ხან კერძო სექტორთან, ხან კი სახელმწიფოსთან ურთიერთობით რეგულირდებოდა, ფული, ერთი სიტყვით, საზოგადოებისათვის არასოდეს ყოფილა გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი. იაკობს, რომლის ხელშიც იყო ეს ბერკეტი, სავარაუდოდ, ჰქონდა არაფორმალური გავლენაც, და ბევრი ინფორმაციას სხვადასხვა დარღვევების, ფინანსური მანიპულაციების შესახებ, და სწორედ ამის გამო ვერ დასაჯეს ის ბოლომდე. იაკობი, ამ ცოდნით, იქნებოდა საფრთხის შემცველი საპატრიარქოსთვის, მითუმეტეს, თუ ის ძალიან გაირიყებოდა, რასაც მისი რევანშისტულად ალაპარაკება მოჰყვებოდა“.

თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილს უფრო იმ ვერსიისა სჯერა, რომ მეუფემ, სავარაუდოდ, საკუთარი ნებით დატოვა ეს თანამდებობა და იმ საკითხებზე სალაპარაკოდ მეტი თავისუფლება მიენიჭა, რაზე საუბარიც მანვე წამოიწყო არცთუ დიდი ხნის წინ.

იაკობს აღარ აქვს ისეთი თანამდებობა, რომელსაც პატრიარქი ჩამოართმევდა. ეპისკოპოსობიდან მისი გადაყენება და განკვეთა კი დიდი სინოდის საქმეა.

თუმცა გამრეკელაშვილი არ ელის, რომ უახლოეს ხანში სინოდს მოიწვევენ. და თუ მოიწვევენ, ბოდბელ ეპისკოპოსს ბრალი უნდა დაედოს რაიმე ერეტიკულ სწავლებაში.

ცნობისთვის, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას სულ 3 ქორეპისკოპოსი ჰყავს:

  • ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე).
  • სენაკისა და ჩხოროწყუს, და ავსტრალიის მიტროპოლიტი შიო (მუჯირი).
  • და უკვე ყოფილი ქორეპისკოპოსი – ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი).

საფინანსო-ეკონომიკური საბჭო კი ერთ- ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრუქტურაა საქართველოს საპატრიარქოს სტრუქტურებს შორის.

რატომ არ ვიცით არასოდეს რა ხდება ეკლესიის შიგნით?

ეკლესია არის პრივილეგირებული და ხელშეუხებელი კასტა, რომელთანაც ლოიალური ურთიერთობა აწყობს ხელისუფლებასაც - შენიშნავს გიორგი ტიგინაშვილი, როგორც სახელმწიფო ასაიდუმლოებს ეკლესიაში არსებულ დარღვევებს, ისე ეკლესიაც დუმს პოლიტიკურ წრეებში არსებულ არაჯანსაღ, არასამართლებრივ მხარეებზე.

„სექსი და ძალაუფლება?“

ეკლესიაში მიმდინარე ამბებზე საჯარო შეფასება კიდევ ერთმა თეოლოგმა ლევან სუთიძემ გააკეთა ფეისბუკის საკუთარი გვერდზე. მან დაწერა, რომ სიმართლე დღეს ის არის, რომ საზოგადოებამ დანამდვილებით არაფერი იცის რა ხდება ეკლესიის შიგნით. თუმც კი, თავის პოსტს სუთიძე ამ ფრაზით აჯამებს: „საბოლოოდ კი, ალბათ, ყველაფერი მაინც სექსისა და ძალაუფლების შესახებააო“.

საქართველოს ეკლესიის ორი დიდი ავარია

ის, რაც დღეს საქართველოს ეკლესიაში ხდება, მოქმედი ხელისუფლების დროს ეკლესიაში მომხდარ ორ დიდ „ავარიას“ უკავშირებს მირიან გამრეკელაშვილი, ოღონდ იმასაც შენიშნავს, რომ ორივეს საფუძველი 90-იან წლებში ჩაეყარა. მაშინ, როცა, მისი სიტყვებით, ილია მეორემ დაიწყო საქართველოს ეკლესიის დაკომპლექტება საკუთარი შეხედულებებით, და როცა, საქართველოს ეკლესიამ ქრისტიანული მორალის ყველა ფასეულობა გვერდზე გადადო:

„როცა ეკლესიამ ქრისტიანობა სექსუალური განხრით რაღაც სიმკაცრეზე დაიყვანა. ხოლო ქრისტიანული ქცევებიდან მხოლოდ მარხვა დატოვა.

დანარჩენი ფასეულობები, რაც ქრისტინობას აქვს: სიმართლე სიმამაცე, გულმოწყალება, ლმობიერება, გონიერება და სხვა, რასაც მართლა მოგვიწოდებდა ქრისტე, ყველაფერი გვერდზე გადაიდო“.

რა მივიღეთ? მირიან გამრეკელაშვილი ამ კითხვასაც პასუხობს და ფიქრობს, რომ შედეგად, ერთი მხრივ:

  • სახელმწიფომ დაიწყო ეკლესიის მოსყიდვა მისთვის დიდი ქონების და დიდი ფინანსების მიცემით;
  • ეკლესიამ კი დარაზმა საკუთარი მრევლი და „სექსუალური ნიშნით” დამუხტა:

„საქართველოს ეკლესიამ არასოდეს იმუშვა ამ კუთხით. მხოლოდ აგრესიის გენერირებას ახდენდნენ ამ თემაზე და შეიძლება, თავად გახდნენ ამ აგრესიის მსხვერპლები", - ამბობს მირიან გამრეკელაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში.

პროგნოზი - ფატალური დასასრული?

დაღმასვლა გაგრძელდება, რადგან მოვლენები სტიქიურ ხასიათს ატარებს. დასასრული კი, სავარაუდოდ ფატალური იქნება, რადგან სხვადასხვა თემებს ტაბუ ეხსნება. თეოლოგები ვარაუდობენ, რომ ეკლესია კიდევ უფრო უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, რადგან ის, როგორც გიორგი ტიგინაშვილიც ამბობს, ებრძვის არა მის შიგნით დაგროვილ პრობლემებს, არამედ იმ ადამიანებს, ვინც ამ პრობლემებზე ღიად ლაპარაკობენ:

„დღეს ყველაზე მთავარი პრობლემა არის ის, რომ ეკლესია იმყოფება ტრიუმფალიზმში, ეძლევა ძალაუფლებით ტკბობას და მათთვის მხოლოდ ორი ფაქტორია მნიშვნელოვანი - გავკლენის სფეროები და ფინანსური რესურსები და არა მთავარი სულიერი იდეალები“.

ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა (იაკობიშვილი) პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობა 28 ოქტომბერს დატოვა. საპატრიარქომ გამოაქვეყნა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის ბრძანებაც, მეუფე იაკობის პირადი თხოვნის საფუძველზე, პატრიარქის ქორეპისკოპოსისა და საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობიდან გათავისუფლების შესახებ.