საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მიწოდებული სერვისების ტარიფის გათანაბრება იგეგმება

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმის პროექტის („მხოლოდ ერთობლივი სწორი ნაბიჯების დროა“) პრეზენტაცია გამართა.

მინისტრის თქმით, ევროპულ სტანდარტებზე დაყრდნობით ჩამოყალიბებული ახალი სისტემა ითვალისწინებს ყველა კლინიკისათვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მიწოდებული სერვისების ტარიფების გათანაბრებას.

„ეს არის ფასწარმოქმნის აპრობირებული სისტემა, რომელიც დაწესებულებებს აყენებს თანაბარ პირობებში, უზრუნველყოფს ბაზრის რეგულაციას და ხარისხის მართვას. აღნიშნული ინიციატივა გახდება ქვეყნის მასშტაბით ერთიანი სტანდარტის და ხარისხის მოთხოვნის საფუძველი, რაც უპირველეს ყოვლისა ორიენტირებულია პაციენტის ინტერესზე. სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც სელექტიური გზით, იქნებიან ჩართული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, იღებენ ვალდებულებას, ბენეფიციარებს სერვისები მიაწოდონ სახელმწიფოს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფით. რეფორმის საჭიროება არაერთი ფაქტორით იქნა განპირობებული. მათგან ერთ-ერთი უმთავრესი არის სახელმწიფოს უპრეცედენტო დანახარჯების მიუხედავად, პაციენტის ჯიბიდან მაღალი გადახდები. მართალია, ბოლო შვიდი წლის მანძილზე აღნიშნული მაჩვენებელი 73-დან 55 პროცენტამდე შემცირდა, მაგრამ ეს არ არის დამაკმაყოფილებელი შედეგი, რადგან ჩვენს მოსახლეობას კვლავ ტვირთად აწევს სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტებისთვის გადასახდელი თანხები”, - ეკატერინე ტიკარაძის განცხადებას „პირველი არხი“ ავრცელებს.

საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსების მექანიზმის ცვლილების შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში, პარლამენტში გიორგი გახარიას მინისტრთა კაბინეტის მოსმენაზე ისაუბრა.