„პირველად რომ მივმართეთ პროკურატურას, რაღაცნაირად ვიცოდი, რომ უარყოფა იქნებოდა, მეორედ მეგონა, რომ დადებითი პასუხი იქნებოდა, სასამართლოზე დარწმუნებით ვიცოდი, რომ დადებითი პასუხი მოვიდოდა, მაგრამ აქედანაც მივიღეთ უარი“, - თქვა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მაკო გომურმა. მან ანტისაოკუპაციო აქციაზე თვალი დაკარგა.
საიას ცნობით, 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაშავებულ 16 პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა. დაზარალებულების სახელით საიამ სასამართლოს 2019 წლის 11 ოქტომბერს, მას შემდეგ მიმართა, რაც პროკურატურამ მათ სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა.
„არ ვიცი, რის გამო შეიძლება ეთქვათ უარი, როგორც ვიცი, იძიებენ კიდევ, 4 თვეა იძიებენ, შეიძლება, კიდევ ერთი წელი დასჭირდეთ გამოსაძიებლად, მაგრამ ახლა არ ვიცი. იძიებენ და ალბათ ამის გამო ისევ უარყოფა მოვიდა, როგორც ვიცი, ექსპერტიზის პასუხს თუ დასკვნას ელოდებიან, - აღნიშნა მაკო გომურმა და განაგრძო, - დაკითხვაზე მხოლოდ ერთხელ ვიყავი, ისიც ამ 20 ივნისიდან ალბათ ორ კვირაში, გერმანიიდან, რომ ჩამოვედი, ალბათ იმ კვირაში. მარტო მე ხო არ ვარ, ჩემთან ერთად უამრავი ადამიანია. გამოდის, რომ ერთ ადამიანს რომ მისცენ სტატუსი, ყველა ადამიანს უნდა მისცენ“.
საია სასამართლოში ითხოვდა პროკურატურის დადგენილების გაუქმებას და 20-21 ივნისს დაზარალებული 16 პირისათვის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანას.
ორგანიზაციის ინფორმაციით, სასამართლოში იმ 16 პირის საქმე განიხილებოდა (მათ შორის, 8 ჟურნალისტის), რომელთა სისხლის სამართლის საქმეში საია თავიდანვე ჩაერთო. საიას მტკიცებით, ყველა მათგანს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება 20-21 ივნისს, სამართალდამცველთა მხრიდან, სავარაუდოდ, უფლებამოსილების გადამეტების შედეგად მიადგა.
„მათ ნაწილს დაზიანებები რეზინის ტყვიების გამოყენების, ხოლო ზოგიერთ მათგანს - პოლიციელთა მხრიდან ფიზიკური ზემოქმედების შედეგად მიადგათ. სადავო არ არის ის გარემოება, რომ აღნიშნულმა პირებმა დაზიანებები 20-21 ივნისს მიიღეს. მიუხედავად ამისა, არც პროკურატურამ და არც სასამართლომ ისინი დაზარალებულებად არ ცნო“, - აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
როგორც საია აცხადებს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარი შემდეგი საფუძვლით თქვა:
„დაზარალებულად ცნობისათვის აუცილებელი მტკიცებულებითი სტანდარტი და პირის ბრალდებულად ცნობის მტკიცებულებითი სტანდარტი თანაბარია, მაგრამ პირის დაზარალებულად ცნობა არ არის დამოკიდებული სისხლის სამართლის საქმეში კონკრეტული პირების სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისათვის საკმარის მტკიცებულებათა მოპოვებასთან. თუმცა, აუცილებელია საქმეზე დასაბუთებული ვარაუდით დადგინდეს, ჩადენილია თუ არა დანაშაული და უშუალოდ რა დანაშაულის ჩადენის შედეგად მიადგა პირს რომელიმე სახის ზიანი“.
საის განმარტებით, სასამართლოს მსჯელობა წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსთან, აშკარად დაუსაბუთებელი და უკანონოა.
„სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა უგულებელყოფს საქმეში არსებულ ცალსახა გარემოებას, რომ დაზარალებულ პირებს მიღებული აქვთ სხვადასხვა სიმძიმის ჯანმრთელობის დაზიანება, მათ შორის, რამდენიმე დაზარალებულს დაკარგული აქვს ცალი თვალი, რაც ცალსახად ადასტურებს, რომ სახეზეა დანაშაული. მიუხედავად ამისა, მიღებული განჩინებით სასამართლო სადავოდ ხდის თავად დანაშაულის ჩადენის ფაქტს“, - აღნიშნავს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
საია მიიჩნევს, რომ როგორც სასამართლო, ასევე პროკურატურა უკანონოდ აჭიანურებენ 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად დაზარალებული პირებისათვის შესაბამისი სტატუსის მინიჭებას.
როგორც საია განმარტავს, კანონმდებლობის თანახმად, დანაშაულის მსხვერპლს მთელი რიგი უფლებები, მათ შორის, საქმის მასალების გაცნობის, სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების ან შეწყვეტის, ან გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილების გასაჩივრების, მხოლოდ მაშინ ეძლევა, თუ ის სარგებლობს დაზარალებულის პროცესუალური სტატუსით. შესაბამისად, დაზარალებულის სტატუსის საწყის ეტაპზევე მინიჭებას აქვს არსებითი მნიშვნელობა დაზარალებულის უფლებების დასაცავად და მიმდინარე გამოძიების ეფექტიანობის შესაფასებლად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება არ საჩივრდება.