ანდრია ჯაღმაიძე: გემიდან პირველი გარბიან ვირთხები

„ცნობილი იყო და ხშირად დაწერილა კიდეც, რომ გემიდან პირველი გარბიან ვირთხები (რომლებსაც მოეჩვენათ, რომ დროა თავს უშველონ), ბოლომდე კი რჩება კაპიტანი.

რაც უნდა იყოს, მე კაპიტანთან დარჩენას ვარჩევდი, რატომღაც ეგ უფრო მაინტერესებს.

ყველაფერი კარგად იქნება“, - წერს ფეიბუკის პირად გვერდზე საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

ის, სავარაუდოდ, ეხმაურება ბოდბელი ეპისკოპოსის მეუფე იაკობის განცხადებას. ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა 26 ოქტომბერს ტვ „პირველის“ ეთერში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და შს მინისტრი ვახტანგ გომელაური პატრიარქის გადაყენების მცდელობაში დაადანაშაულა. საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია ჯერჯერობით არ გამოუხატავს.

ანდრია ჯაღმაიძემ „ტვ პირველს“ 28 ოქტომბერს სატელეფონო საუბარში უთხრა, რომ მისთვის მეუფე იაკობის სიტყვები მოულოდნელი იყო და მასზე სინოდის სხდომაზე იმსჯელებენ.

„მოულოდნელი იყო სრულიად და მღვდელმთავრები აყენებენ საკითხს, რომ სინოდზე იქნას ეს საკითხი განხილული და ალბათ სინოდი იმსჯელებს. სამსჯელო არის მღვდელმთავრის ესა თუ იქ ქმედება და სინოდი არის ამაში კომპეტენტური და სინოდმა უნდა იმსჯელოს“, - ეუბნება ანდრია ჯაღმაიძე „ტვ პირველს“ სატელეფონო საუბარში.