გარდაიცვალა ცნობილი დისიდენტი ვლადიმირ ბუკოვსკი

76 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი პუბლიცისტი, საბჭოთა დისიდენტური მოძრაობის აქტიური მონაწილე, უფლებადამცველი ვლადიმირ ბუკოვსკი.

დიდი ბრიტანეთის ქალაქ კემბრიჯის კლინიკაში მყოფი ვლადიმირ ბუკოვსკი 27 ოქტომბერს, გულის გაჩერების შედეგად გარდაიცვალა.

კომუნისტური იდეოლოგიის აქტიურმა მოწინააღმდეგემ და კრიტიკოსმა ვლადიმირ ბუკოვსკიმ საბჭოთა კავშირის საპატიმროებში, კოლონიებსა და ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში, საერთი ჯამში, დაახლოებით 12 წელი გაატარა.

1976 წელს, საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ ვლადიმირ ბუკოვსკი ჩილეს კომპარტიის ლიდერში, ლუის კორვალანში გაცვალა.

საბჭოთა კავშირის დატოვების შემდეგ, ბუკოვსკიმ კემბრიჯის უნივერსიტეტი დაამთავრა ნეიროფიზიოლოგის სპეციალობით. ვლადიმირ ბუკოვსკი მოსკოვში პირველად 1991 წელს, რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინის მიწვევით დაბრუნდა.

2007 წელს, რუსეთის დემოკრატიულმა ოპოზიციამ ვლადიმირ ბუკოვსკი პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა, თუმცა, კანდიდატის ოფიციალურად დარეგისტრირება ვერ შეძლო, რადგან ვლადიმირ ბუკოვსკი ბოლო 10 წლის განმავლობაში რუსეთში არ ცხოვრობდა.