სალომე ასათიანის პოდკასტი
Your browser doesn’t support HTML5
„ასათიანის კუთხეში“ ამჯერად ერთი მოთხრობის გასახსენებლად გეპატიჟებით. 1970-იანი წლების ქართული პროზის უცნაური მარგალიტის - რომელშიც უჩვეულო ძალით, თანაგრძნობით, სიცხადით და დაუნდობლობით წარმოგვიდგება გარიყული, ჩაგრული, უმრავლესობისგან განსხვავებული ადამიანის პერსპექტივა. ეს არის ემოციური, მძიმე, დამთრგუნველი, პოეტური და თან სათუთი ტექსტი, სათაურით „აქეთ მაშხალები, კვაზიმოდო!“, რომელიც, გამოქვეყნებასთან დაკავშირებული გარკვეული სირთულეების შემდეგ, ჟურნალ „ცისკარში“ 1975 წელს დაიბეჭდა და რომელიც 2000 წელს, 49 წლის ასაკში გარდაცვლილ მწერალს, მერაბ აბაშიძეს ეკუთვნის. „აქეთ მაშხალები, კვაზიმოდო!“ აბაშიძის ერთ-ერთი პირველი ტექსტია. ამ მოთხრობის დაწერის დროს მწერალი სულ 19 წლისა იყო.
მთხრობელი, იდუმალი და ენაკვიმატი მთავარი პერსონაჟი, პირველივე სტრიქონებიდან გამჭოლი თვითირონიით გვამცნობს, რომ ის „სხვაა“ - განსხვავებული, ე.წ. ნორმალური საზოგადოებისთვის უცხო. შავი იუმორით აღგვიწერს, რომ დიდი და დეფორმირებული თავი და პატარა ტანი აქვს და ამის გამო გარიყვას, სისასტიკეს, გულგრილობას, ჩაგვრას და ძალადობას აწყდება ყველგან - სახლშიც, ქუჩაშიც, სამსახურშიც. საკუთარი დის მხრიდანაც, უბანში პოპულარული ბიჭებისგანაც და სასულიერო პირისგანაც. ამ მოთხრობის კითხვას დაიწყებთ თუ არა, ექსცენტრიზმის და ტკივილის, გროტესკის და სევდის, დაუნდობლობის და სინაზის უცნაური და ინტენსიური ნაზავი ალბათ პირველივე სიტყვებიდან მოგნუსხავთ. გაგაოცებთ მისი ენა - დანაწევრებული სიტყვებით, შორისდებულებით, თანხმოვნებით, შეძახილებით გამოხატული სიბრაზე და შეურიგებლობა, რომელსაც მისი მთავარი პერსონაჟი განიცდის და რომელიც ბოლოს კულმინაციას აღწევს. და დაგთრგუნავთ ქალაქური ცხოვრების თანმდევი, ღია თუ ფარული ძალადობის და სისასტიკის სცენები, რომლებიც ულმობელი სიშიშვლითაა გადმოცემული და კალეიდოსკოპივით ენაცვლება ერთმანეთს.
მოთხრობა „აქეთ მაშხალები, კვაზიმოდო!“ უჩვეულოა ლიტერატურის ტრადიციასა თუ ისტორიასთან თავისი მიმართებითაც. ეს ისეთი ტექსტია, ლიტერატურის თეორეტიკოსები „ინტერტექსტუალურს“ რომ უწოდებენ ხოლმე. ის მუდმივად სხვა ტექსტებთან მიმართებით იქმნება - ციტატებით, ალუზიით, პაროდიით, პასტიშით. ისე არა, რომ ავტორი სახელების ან ციტატების დახვავებით უბრალოდ თავის ნაკითხობას გვაჩვენებდეს. ლიტერატურის ტრადიციასთან მერაბ აბაშიძე გაშინაურებული და შეთამაშებულია - თავისი პერსონაჟის პირით ის ციტატებით ხუმრობს, შაყირობს, ირონიით ეპყრობა დიდ მწერლებსა და ავტორიტეტებს. ხან ტოლსტოის გადაწვდება, ხან ჰემინგუეის, ხან ლორკას, სარტრს თუ კორტასარს. აბაშიძე ამ ტექსტს ისეთი თავდაჯერებით და კომპეტენციით წერს, რომ მე, როგორც მკითხველს, სულ თან მდევს ხოლმე გაოცება - მაინც რანაირად მოხდა, რომ ეს მოთხრობა, თავისი უნივერსალური სიუჟეტით და ლიტერატურის ტრადიციასთან ასეთი ღია მიმართებით, 19 წლის ბიჭმა დაწერა. თანაც რკინის ფარდის მიღმა, საბჭოთა რეალობაში მცხოვრებმა ბიჭმა.
თუმცა, ცხადია, ამ ტექტის მთავარი, თუ გნებავთ, ფილოსოფიური გადაძახილი ჰიუგოს კვაზიმოდოსთანაა. პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის კუზიანთან, გარიყულ, დაცინულ ადამიანთან, რომელიც გროტესკული გარეგნობის მიღმა არსებული გაბედული და მოსიყვარულე გულის არქეტიპად არის ქცეული. აბაშიძის მოთხრობაში „კვაზიმოდოების“ ამბოხების მომსწრენი ვხდებით. ჯერ აგონიურ ხილვაში - როცა ცეცხლს უკიდებენ უბრალო ადამიანების მჩაგვრელ, ისტორიულ ტირანებსა და ჯალათებს. ბოლოს კი თავიანთი „რეალური“ მტანჯველების მიმართ. ამ მოთხრობის ცენტრალური მესიჯი მკაფიოა - ისტორიის ფურცლებზე გადანაცვლებული, დიდი და სისხლიანი დიქტატორების აჩრდილებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით. ქუჩებში, სკოლებში, ოჯახებში. ყველგან, სადაც სუსტს დასცინიან, სცემენ და რიყავენ. ყველგან, სადაც ადამიანებს შორის ურთიერთობა ძალადობას, იერარქიებს და განსხვავებულის ჩაგვრას ეფუძნება.
ასათიანის კუთხე
Your browser doesn’t support HTML5
„ეს პროცესი მახსოვს, როგორ დაიწყო ამ მოთხრობამ გავრცელება თბილისში. სტუდენტები ვიყავით მაშინ, მართლა საოცარი პერიოდი იყო. უცებ ჩნდება მერაბ აბაშიძე, რომელიც შენი თაობის წარმომადგენელია და წერს ისეთ მოთხრობას, რომელიც არავის დაუწერია. მართლა სულმოუთქმელად ვკითხულობდით“, - გვიყვება ჩვენი პოდკასტის ერთ-ერთი სტუმარი, ხელოვნებათმცოდნე ლელა ოჩიაური. მასთან ერთად, პოდკასტის ამ ეპიზოდში მოუსმენთ პოეტ შოთა იათაშვილს - ამ მოთხრობის კიდევ ერთ დიდ თაყვანისმცემელს, რომელიც ტექსტის ენობრივ თუ თემატურ მნიშვნელობაზე მოგვიყვება. შეხვდებით კინორეჟისორ დიტო ცინცაძეს, რომელმაც, ლევან ერისთავთან ერთად, მერაბ აბაშიძის ამ მოთხრობის მოტივებზე 1981 წელს თავისი სადიპლომო ფილმი, „კვაზიმოდო“ გადაიღო, ბრწყინვალე მამუკა კიკალეიშვილით მთავარ როლში. მერაბ აბაშიძეს გაიხსენებენ მისი ოჯახის წევრებიც. ცხადია, ნაწყვეტებსაც წავიკითხავთ მერაბ აბაშიძის ამ მართლაც უჩვეულოდ ძლიერი ტექსტიდან - „აქეთ მაშხალები, კვაზიმოდო!“. მოთხრობიდან, რომელიც ერთ დროს მთელ თაობას უყვარდა.