ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ტვ „პირველის“ ეთერში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და შს მინისტრი ვახტანგ გომელაური პატრიარქის გადაყენების მცდელობაში დაადანაშაულა.
„გახარია, გომელაური და კვირიკაშვილი „მეჩალიჩებოდნენ“, პატრიარქი გადავაყენოთ და შიო (მუჯირი) დავნიშნოთო. მე მაგათ ვუთხარი, ბიჭო, თქვენ მაგას ვინ გეკითხებათ, ეკლესიამ თვითონ იცის და ცოცხალი პატრიარქის წინააღმდეგ როგორ მიდიხართ-მეთქი“, - მეუფე იაკობი ამბობს, რომ ამ შინაარსის შეხვედრებს ხელისუფლების მაღალჩინოსნები სხვა მეუფეებთანაც მართავდნენ: - „მაგათ ყველას აწი მე მივხედავ. მაგათ ყველას ჩავარტყამ, სადაც ჩასარტყმელია. ბიძინა ამბობს ხოლმე, ვინ არის მეუფე, არავინ არ არისო. მე სინოდის ავტორიტეტული წევრი ვარ. მე ძლიერი პოზიციები მაქვს ეკლესიაში“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.
ბოდბელი ეპისკოპოსის სიტყვებს გიორგი გახარია სისულელეს უწოდებს და ამბობს, რომ მსგავს შეხვედრას არ დასწრებია.
„ეს მეუფე ის მეუფეა, რომელიც იძახდა, გახარია პრემიერი თუ გახდა, ჩამოვაგდებო. სერიოზული კომენტარი თუ გაინტერესებთ, პატრიარქი ბოლო 40 წლის განმავლობაში არის ამ ქვეყნის წარსულის სიმბოლო, დღევანდელი დღის სიმბოლო და მომავლის სიმბოლო. არაერთხელ აღვნიშნე, რომ ეკლესია არის ის შემაერთებელი ძალა, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებრიობას კრავს. თუ რატომ აკეთებს ასეთ განცხადებებს, მეუფეს მიმართეთ, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ - მსგავსი სისულელეები უკვე საზღვარს გადასცდა. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამოვიდეთ ამ პოლიტიკური კულტურიდან - მეწაღემ წაღები უნდა შეკეროს, ბანკირმა ბანკს უნდა მიხედოს, მეპურემ პური უნდა გამოაცხოს, მეუფემ ეკლესიაში უნდა იაროს და პოლიტიკას ყველამ თავი უნდა დაანებოს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.