კახიძე ფაფიაშვილს: უგულავასა და „კაბელების“ საქმეზე ხელისუფლებამ მიზანს მიაღწია

არც გიგი უგულავასა და „კაბელების“ საქმეზე და არც „რუსთავი 2“-ის საქმეზე ყოფილა ხელისუფლების ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე, - განაცხადა 25 ოქტომბერს პარლამენტის კომიტეტში გამართულ მოსმენაზე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატმა, ლალი ფაფიაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ მოსამართლესა და ამავე სასამართლოს თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს, ლალი ფაფიაშვილს გახმაურებული საქმეები „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა დეპუტატმა, ოთარ კახიძემ შეახსენა.

„მაშინ, როდესაც გიგი უგულავასა და „კაბელების“ საქმის განხილვა მიმდინარეობდა (2016 წლის ივლისში), თქვენ მოითხოვეთ საქმის განხილვის გადადება... თქვენ თქვით, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმის განხილვა მანამდე უნდა შემწყდარიყო, ვიდრე არ იქნებოდა პროკურატურის დასკვნა შესაძლო ზეწოლასთან დაკავშირებით... ვისგან იყო ზეწოლა?“ - შეკითხვა დასვა ოთარ კახიძემ.

„არ ვიცი“, - თქვა ლალი ფაფიაშვილმა და განმარტა, რომ - მისი მაშინდელი განცხადება უკავშირდებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს იმდროინდელი თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მოსამართლეებზე ზეწოლასთან დაკავშირებით.

„როდესაც ასეთი გახმაურებული პროცესის წინ, სასამართლოს წევრებთან კონსულტაციის გარეშე და ამ ინფორმაციის პირველ რიგში მათთვის მიწოდების გარეშე კეთდება ასეთი ტიპის განცხადება, ეს სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს სასამართლოს ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით...“, - განაცხადა ფაფიაშვილმა.

ოთარ კახიძის შეფასებით, ლალი ფაფიაშვილისა და კიდევ რამდენიმე მოსამართლის გადაწყვეტილება, რომ გახმაურებული საქმეების განხილვის პროცესი პროკურატურის გადაწყვეტილებას უნდა დალოდებოდა, პირდაპირ ემთხვეოდა ხელისუფლების ინტერესს - გაჭიანურებულიყო ამ საქმეებზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღება - „გამოდის, რომ პროკურატურის მძევალი უნდა ყოფილიყო თქვენი უწყება“.

ლალი ფაფიაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვების ხანგრძლივი ვადების გათვალისწინებით, ბევრს არაფერს ცვლიდა სხდომების ჩატარების გადადება.

„ასეთ შემთხვევაში, პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, არის არა მხოლოდ სამართალდამცველი ორგანოების ინფორმირება, არამედ მათთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა და ახსნა-განმარტებების მიცემას არ უნდა სჭირდებოდეს... არ უნდა ხდებოდეს ამის დაყოვნება კვირების განმავლობაში“, - განაცხადა ფაფიაშვილმა.

ოთარ კახიძის შეფასების თანახმად, ხელისუფლებამ საბოლოოდ თავის მიზანს მიაღწია - გააჭიანურა გახმაურებული საქმეების განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში, ხოლო ამ პროცესში მონაწილე მოსამართლეებმა შემდგომში არაერთ წარმატებას მიაღწიეს.

„შედეგად რას ვიღებთ: ბატონი ოთარ სიჭინავა უვადოდ არის დანიშნული სააპელაციო სასამართლოში, თქვენ ხართ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, თქვენ და ბატონმა სიჭინავამ გაიმარჯვეთ კონკურსში, რომელიც შეეხება სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობას (კანდიდატების შერჩევას); ბატონი ზაზა თავაძე არის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და მისი ნათესავები ყაზახეთში სწორედ იმ მომენტში აღწევენ ბიზნესწარმატებას, როდესაც ხელისუფლებას აქვს შესაბამისი ინტერესები საკონსტიტუციო სასამართლოში... ბატონი მერაბ ტურავა არის მისი მოადგილე... აი, ასე დალაგდა ეს საქმეები საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ლალი ფაფიაშვილის განმარტებით, სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კონკურსში მონაწილეობა ვერ გამოდგება იმის მტკიცებად, რომ ის „ხელისუფლების მიმართ ლოიალური კანდიდატი“ იყო - „იმ კონკურსმა შედეგი ხომ არ გამოიღო არანაირი?!“ ოთარ კახიძის შეფასებით კი, იმ კონკურსში მონაწილეობით ოთარ სიჭინავამ და ლალი ფაფიაშვილმა ხელისუფლებას შეუქმნეს სასურველი „ფასადი“ სტრასბურგის სასამართლოში იმგვარი სამეულის წარსადგენად, „რომელიც გარეგნულად კარგად გამოიყურებოდა“ და „ამით (ხელისუფლებამ) უზრუნველყო სასურველი კანდიდატის გაყვანა“.

გიგი უგულავასა და „კაბელების“ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება დღემდე არ არის მიღებული. ეს სარჩელები ერთმანეთთან სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის (გაფლანგვა) გამო იყო დაკავშირებული. ორივე სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ იყო მიმართული და ორივე სწორედ გაფლანგვის ბრალდებასთან დაკავშირებული გარკვეული დებულებების ნორმატიული შინაარსის ბუნდოვანებას აპროტესტებდა.

25 ოქტომბერს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატს, ლალი ფაფიაშვილს უსმენენ. ის უკვე მე-15 კანდიდატია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტში წარდგენილი 20-კაციანი სიიდან.

  • 2008-2017 წლებში ის იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე;
  • 2016-2017 წლებში იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე;
  • 2004-2007 წლებში იყო პარლამენტის წევრი;
  • 1998 წლიდან დღემდე ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე;
  • 1996-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტში სხვადასხვა პოზიციაზე.

ლალი ფაფიაშვილი 2017 წელს საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი იყო საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის პოზიციაზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. მაშინ ის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლე და თავმჯდომარის მოადგილე იყო.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა თავდაპირველი10-კაციანი სია პარლამენტში 2018 წლის ბოლოს ხმაურიანი პროცესების ფონზე ჩავარდა. არასამთავრობო სექტორი მას „სასამართლოს კლანის“ ხელდასმით შექმნილს უწოდებს. საუბარია გავლენიან ჯგუფზე - ე.წ. მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანზე. მიხეილ ჩინჩალაძე, ამჟამად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა, ხოლო ლევან მურუსიძე ამავე სასამართლოში უვადოდ არის გამწესებული.