რუდი: ველი აშშ-საქართველოს თანამშრომლობის გაძლიერებას შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით

ბათუმის ნავსადგურში ამერიკის საზღვაო ხომალდის Porter-ის ეკიპაჟის წევრებისთვის გამართული ღონისძების შემდეგ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა შავ ზღვის მიმართ ინტერესის შესახებ ისაუბრა.

„მოუთმენლად ველი ამერიკა-საქართველოს თანამშრომლობის გაძლიერებას შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით. Porter-ის ვიზიტი წელს ამერიკის სამხედრო გემის მესამე ვიზიტია საქართველოში. ეს ვიზიტები ადასტურებს ამერიკის ერთგულებას უსაფრთხოების და სტაბილურობის მიმართ აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონში. მე მინდა მადლობა გადავუხადო ბათუმისა და აჭარის მცხოვრებლებს სტუმართმოყვარეობისთვის. ასევე საქართველოს თავდაცვის ძალებს და სანაპიროს დაცვას უსაფრთხოების და საერთაშორისო მშვიდობის დაცვაში შეტანილი წვლილისთვის“, - თქვა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

შავ ზღვაში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფნის საკითხი აქტუალური რამდენიმე დღის წინ გახდა. საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ 16 ოქტომბერს ილაპარაკა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან გამართული შეხვედრის შესახებ.

„სულ ვაყენებდი საქმის კურსში მას [ბიძინა ივანიშვილს], შევხვდი მის რეზიდენციაში, საუბარი დაიწყო ძალიან მძიმედ, მითხრა, მოდი შევეშვათ ანაკლიას, შენ ეტყობა გეოპოლიტიკაში ვერ ერკვევი. ასეთი რაღაც მითხრა: „რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში?!“ - გაიხსენა ხაზარაძემ ივანიშვილის სიტყვები.