როგორ დახარჯა 2015 წელს თქვენმა ოჯახმა 52 810 ლარით იმაზე მეტი თანხა, ვიდრე შემოსავალი გქონდათ? ხომ არ გაჩუქათ ვინმემ ეს თანხა? - ამ შეკითხვებით მიმართა „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა, ხათუნა გოგორიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, პაატა სილაგაძეს, 23 ოქტომბერს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.
„შევამოწმე თქვენს მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციები... 2015 წლის განმავლობაში თქვენი ოჯახის შემოსავალი იყო 159 554 ლარი, ხოლო გასავალი იყო 212 364 ლარი. შემოსავალსა და ხარჯს შორის განსხვავება არის 52 810 ლარი... ანუ თქვენი ოჯახის წლიური ხარჯი 52 810 ლარით მეტი იყო, ვიდრე თქვენი და თქვენი მეუღლის შემოსავალი...
რა ხდება, რაშია საქმე? დამატებით გეტყვით, რომ ბანკში ანაბრები რაც გქონდათ, ისიც არ დაგიხარჯავთ... ვინმემ ხომ არ გაჩუქათ რაიმე თანხა? მაგალითად - თქვენმა ძმამ, რომელსაც საკმაოდ დიდი შემოსავალი ჰქონდა ამ წლების განმავლობაში - სამი კომპანიის დირექტორი იყო და იცის კარგად ამ საზოგადოებამ, რა კომპანიები იყო და ბიძინა ივანიშვილთან რომ იყო დაკავშირებული...“, - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.
პაატა სილაგაძის თქმით, მისთვის „არავის არაფერი უჩუქებია“ და შესაძლოა, ეს დეკლარაციის შევსების დროს დაშვებული შეცდომა იყოს.
„არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში, საჩუქარი ჩემთვის არავის არასდროს მოუცია... მეტს ვერ დავხარჯავ - რაც არ მაქვს, იმას როგორ დავხარჯავ?! არ ვიცი, შეიძლება ტექნიკური შეცდომაა რაღაც და ვერ ჩავწერე სწორად“, - თქვა პაატა სილაგაძემ.
ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა, რომ შემოსავალზე უფრო მეტი ხარჯის არსებობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სხვა კანდიდატის დეკლარაციაშიც გამოვლინდა - „იყო სხვა კანდიდატი - (ზაზა) თავაძის სახით, რომლის შემთხვევაშიც 350 ათასი ლარი იყო ტექნიკური შეცდომა“.
პაატა სილაგაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის უკვე მე-13 კანდიდატია, რომელსაც 23 ოქტომბერს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის ფორმატში უსმენენ.
- 2019 წლის 3 ივნისს პაატა სილაგაძე უვადოდ დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლედ.
- 2008-2019 წლებში ის იყო უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის მოსამართლე.
- 2013-2017 წლებში სილაგაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო.
20-კაციანი სიის გარდა, რომელსაც პარლამენტი ამჟამად განიხილავს, პაატა სილაგაძე ასევე იყო იუსტიციის საბჭოს მიერ შედგენილი თავდაპირველი 10-კაციანი სიის შემადგენლობაშიც. კომიტეტის სხდომაზე სილაგაძემ თქვა, რომ კანდიდატობა მაშინ მას პირადად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ შესთავაზა, სატელეფონო საუბრის დროს.
10-კაციან სიას, რომელიც პარლამენტში 2018 წლის ბოლოს ხმაურიანი პროცესების ფონზე ჩავარდა, არასამთავრობო სექტორი „სასამართლოს კლანის“ ხელდასმით შექმნილს უწოდებს. საუბარია გავლენიან ჯგუფზე - ე.წ. მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანზე. მიხეილ ჩინჩალაძე ამჟამად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა, ხოლო ლევან მურუსიძე ამავე სასამართლოში უვადოდ არის გამწესებული.