ლიუ ჰიუ: ჩინეთ-საქართველოს სავაჭრო მოცულობა 2019 წლის პირველ ნახევარში 900 მილიონი დოლარია

ლიუ ჰუი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალური წარმომადგენელი ევრაზიის რეგიონში

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალური წარმომადგენელმა ევრაზიის რეგიონში ლიუ ჰუიმ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნით პანელში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გასულ 2018 წელს ჩინეთ-საქართველოს შორის სავაჭრო მოცულობამ მილიარდ დოლარს გადააჭარბა, ხოლო მიმდინარე წლის პირველ ნახევარში უკვე 900 მილიონ დოლარს მიაღწია.

„ერთობლივი ძალისხმევის შედეგად ჩვენ შევქმენით ქსელი, რომელიც მოიცავს 6 კორიდორს, 6 ურთიერდაკავშირებულ მარშრუტს და არაერთ ქვეყანასა და პორტს. როგორც ვიცით, საქართველო აქტიურადაა ჩართული ამ პროცესებში. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ, ჩინეთ-საქართველოს შორის მოეწერა და ძალაში შევიდა თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება, როგორც ვიცით, ეს არის ჩვენ მიერ ამ რეგიონში ხელმოწერილი პირველი ამგვარი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება. გასულ წელს ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო მოცულობამ ერთ მილიარდ დოლარს გადააჭარბა, ხოლო წელს, პირველ ნახევარში კი, უკვე 900 მილიონ დოლარს მიაღწია“, - აღნიშნა ჩინეთის წარმომადგენელმა.

ლიუ ჰუის განცხადებით, ჩინური კომპანიების ინვესტიციებით საქართველოში არაერთი საწარმო და კომპანია მუშაობს სხვადასხვა სექტორში. „ვიცით, რომ საქართველო არის ყველაზე მოკლე მარშრუტი ევროპასა და აზიას შორის, მე დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება დღევანდელი ფორუმი, ეს არის ძალიან მაღალი დონის ფორუმი, რომელსაც მოჰყვება ფართო გამოხმაურება საზოგადოების და მთავრობების მხრიდან. ეს სწორედ გამოხატულებაა აბრეშუმის გზის სულისკვეთების, დიდი იმედი გვაქვს, რომ დღევანდელ ფორუმზე მონაწილე კომპანიები და მთავრობის წარმომადგენლები აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას მოლაპარაკებებში და უფრო კარგად ითანამშრომლებენ“, - აღნიშნა მან.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალური წარმომადგენელმა გამოთქვა სურვილი, საქართველოს მთავრობამ ჩინეთში ჩაატაროს ფორუმი, პრეზენტაცია, რომლის მიზანი ჩინეთიდან საქართველოში უფრო მეტი ინვესტიციის მოზიდვა იქნება.