მაია ცქიტიშვილი: ანაკლიის პროექტს არ სჭირდება კიდევ ერთი პერფორმანსი

„ამ პროექტს არ სჭირდება კიდევ ერთი პერფორმანსი, არ სჭირდება პარლამენტში ღია განხილვა და ღია შეხვედრის მოწყობა ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და მთავრობას შორის. ჩვენ ამ შეხვედრებს აუცილებლად გავმართავთ სამუშაო ფორმატში და არა პარლამენტში“, - განუცხადა 22 ოქტომბერს ჟურნალისტებს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, რომელიც „თბილისის აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმში“ მონაწილეობს.

მინისტრის კომენტარი პასუხია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორის, ლევან ახვლედიანის განცხადებაზე, რომ კონსორციუმის წარმომადგენლები მზად არიან, ვალდებულებების ფარგლებში მივიდნენ საქართველოს პარლამენტში და ღიად ისაუბრონ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტსა და მის მნიშვნელობაზე.

ახვლედიანის თქმით, სასურველია პარლამენტში რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლების მისვლაც, რადგან ერთობლივი მოსმენა გაცილებით საქმიანი იქნება.

მაია ცქიტიშვილის სიტყებით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ დაკავშირებით არაერთ საჯარო გამოსვლაში უსაუბრია და ამ თემაზე ლაპარაკი არ უჭირს.

„ასევე, არაერთხელ, ჩემი მხრიდანაც იქნა შეთავაზება მამუკა ხაზარაძის მიმართ, რომელიც, რაც არ უნდა თქვას, მაინც არის ძირითადი წარმომადგენელი ანაკლიის კონსორციუმის, ასევე მქონდა შეთავაზება უშუალოდ მამუკა ხაზარაძისადმი, რომ ღია სატელევიზიო დებატები გაგვემართა, რაზეც მივიღეთ უარი. ახლა არის ის დრო, როდესაც ჩვენ კონსორციუმთან გვაქვს სამუშაო შეხვედრების ფორმატი და არასდროს არ გვქონია დიალოგის პრობლემა ანაკლის განვითარების კონსორციუმთან. არასდროს არ გვქონია მათთან შეხვედრების პრობლემა“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ და რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები პარლამენტში, ღია ფორმატის შეხვედრაზე მიიწვიეს დამოუკიდებელმა დეპუტატებმა, ლევან კობერიძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა და კობა ნარჩემაშვილმა.

15 ოქტომბერს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ თუ დღის ბოლომდე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ არ შეასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ შუალედურ ვალდებულებებს, მთავრობას ჰქონდა შეთანხმების შეწყვეტის უფლება.

თავის მხრივ, კონსორციუმმა უარი თქვა სამინისტროსთვის დოკუმენტების წარდგენაზე და მთავრობა მხარდაჭერის ნაცვლად საბოტაჟში დაადანაშაულა.

16 ოქტომბერს, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვადა წლის ბოლომდე გაუგრძელა.