„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ადვოკატებთან ერთად გენერალურ პროკურატურაში ჩააბარა „მუქარის წერილის“ დედანი, რომელიც, მისი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრისა და მოქმედი პრემიერის, გიორგი გახარიასგან მიიღო. ხაზარაძემ პროკურატურაში მიიტანა წერილზე ლონდონში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნაც.
„წერილი ჩაბარებულია. ახლა ჩვენ წავალთ აქედან სახალხო დამცველთან და ჩავაბარებთ ყველაფრის ასლს და იმას, რომ ყველაფერი ჩავაბარეთ პროკურატურას. დანარჩენი უკვე პროკურატურის საქმეა. ჩვენ უნდა დავიცვათ ის სამართლებრივი გზები, რომელიც არსებობს. თუ ამოვწურეთ სამართლებრივი გზები, რომელიც ქვეყანაში არსებობს და შედეგი ვერ დადგა, არსებობს სხვა სამართლებრივი საშუალებებიც. ამიტომ, როგორც მოგახსენეთ და შეგპირდით, ჩვენ სამართლებრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით ამ საქმეს. ჯერჯერობით ვაცლით პროკურატურას. ჩვენ გვჭირდება შესაბამისი ორგანოების სამართლებრივი აქტები, რომელიც შეაფასებენ სიტუაციას და იმ სამართლებრივ აქტებს სად და როგორ გავასაჩივრებთ, ეს მომავლის საქმეა“, - განაცხადა პროკურატურაში წერილის დედნის ჩაბარების შემდეგ მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მამუკა ხაზარაძის ადვოკატის, ზვიად კორძაძის განცხადებით, უშუალოდ „მუქარის წერილზე“ „17 ადამიანის თითის ანაბეჭდი ამოვიდა“. ხაზარაძე და მისი უფლებადამცველი მოითხოვენ, პროკურატურამ აღნიშნული ანაბეჭდები საქართველოს ბაზაში არსებულ თითის ანაბეჭდებს შეადაროს და ყველა მათგანი გამოკითხოს იმის დასადგენად, რა შემხებლობა ჰქონდათ ამ წერილთან.
მამუკა ხაზარაძემ 4 მარტს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო წერილი რეპუტაციის დანგრევის მუქარით.
ამ საჯარო განცხადებიდან მეორე დღეს, 5 მარტს, მამუკა ხაზარაძე პროკურორებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს, 6 მარტს კი, გენერალურმა პროკურატურამ ხაზარაძისგან მიღებული წერილის ასლი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ მან „წარმოადგინა კომპიუტერულ პრინტერზე დაბეჭდილი ე.წ. დოკუმენტი, რომელსაც არ გააჩნია არანაირი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და ნიშნები, მათ შორის არც შედგენის თარიღი, ადგილი, შემდგენის ვინაობა, ხელმოწერა და სიტყვიერად კი განმარტა, რომ მუქარის წერილის დედანი კვლევისთვის საზღვარგარეთ აქვს გაგზავნილი და ამიტომ, გამოძიებას წარმოუდგინა მხოლოდ ამ ე.წ. დოკუმენტის ასლი. გარდა ამისა, მან, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ დაასახელა იმ შუამავლის ვინაობა, ვინც ე.წ. წერილი გადასცა“.
პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ასლის თანახმად, მამუკა ხაზარაძეს ყველანაირი წინაპირობის გარეშე უნდა შეესრულებინა სამი პირობა:
- უახლოეს 5 დღეში TV1 უნდა დაჯდეს TV იმედის ტრენდზე. გადავიდეს მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე (ეს უნდა დავინახოთ არხის სარედაქციო პოლიტიკიდან);
- უნდა გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის რევანში. ქართულ ბიზნესს კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდნენ მას ნაციონალური მოძრაობის პირობებში და რომ ამის გამეორება მიუღებელია. მან უნდა მოუწოდოს ბიზნესმენებს, მათ, ვისაც მსგავსი პოზიცია აქვთ, გაერთიანდნენ და ერთობლივად იმოქმედონ (შემდეგ უკვე მისი ინტერპრეტაციაა შესაძლებელი);
- „არტარეას“ უნდა დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი;
გიორგი გახარიამ, რომელიც ამჟამად პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებს, არაერთხელ უარყო, რომ მამუკა ხაზარაძეს წერილი მისწერა და მის განცხადებებს ტყუილი და ჭორაობა უწოდა.