„მაშინ, როდესაც დაიწერა არაერთი საერთაშორისო ანგარიში, სადაც მითითებული იყო, რომ 2004-2012 წლებში, საქმეებზე გადაწყვეტილებების მიღების დროს არსებობდა პოლიტიკური ნიშნები, ასევე იყო სტატისტიკა, რომ წლების განმავლობაში გამამართლებელი განაჩენები არ გამოდიოდა, აღარაფერს ვამბობ გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც სისტემას აძლევდა შეფასებას, მაინც არ შეგიძლიათ პასუხის გაცემა კითხვაზე, იყო თუ არა სასამართლო პოლიტიკურ გავლენებს დაქვემდებარებული?“ - დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ეს კითხვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ლევან მიქაბერიძეს დაუსვა, რომელსაც იურიდიულ კომიტეტის სხდომაზე რამდენიმე საათია უსმენენ.
ლევან მიქაბერიძე ეკა ბესელიას პასუხობს, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს: „აღნიშნული ანგარიშების შესახებ მსმენია, მაგრამ კონკრეტული ფაქტის მომსწრე არ ვარ და ამიტომ არ შემიძლია რაიმე ფორმით ვისაუბრო ამ კუთხით“.
ეკა ბესელიას თქმით, ის გაკვირვებულია მოსამართლეობის კანდიდატის პასუხით:
„თქვენ, სავარაუდოდ, იმიტომ არ გინდათ პასუხის გაცემა, რომ უფრთხილდებით თქვენს კოლეგებს, რომლებიც იმ პერიოდიდან მოყოლებული სასამართლო სისტემაში დარჩნენ. სხვა რა ვერსია შეიძლება იყოს, არ ვიცი. ის, რომ თქვენ ამის შეფასება არ შეგიძლიათ, ამას ვერც დავუშვებ, რადგან დიდი გამოცდილება გაქვთ, მოსამართლედ მუშაობთ უკვე ამდენი წელია და ნამდვილად არ გაკადრებთ არც თქვენ და არც ამ პროფესიის წარმომადგენლებს, რომ ამის შეფასება არ შეგიძლიათ“.
ლევან მიქაბერიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა.
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა 23 სექტემბრიდან დაიწყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 6 სექტემბერს წარდგენილი კანდიდატების მოსმენა. სულ წარდგენილია 20 კანდიდატი.