გიორგი გახარია: საპრივატიზაციო ნუსხა უნდა იყოს შთამბეჭდავი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრაზე სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ ისაუბრა.

„მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ქონების მართვა; საპრივატიზებო ნუსხა უნდა იყოს შთამბეჭდავი - საინვესტიციო მიზიდულობის და ფინანსური შემოსავლების თვალსაზრისითაც“, - ამბობს გახარია.

პრემიერმა ილაპარაკა დაგეგმილი პრივატიზაციის მასშტაბების შესახებ.

„საპრივატიზებო ნუსხაში უნდა იყოს, სხვადასხვა სიდიდის, სულ მცირე, 100-120 ობიექტი. მოძებნეთ, რადგან სხვადასხვა უწყების ბალანსზეა საკმაოდ სერიოზული აქტივები, რომლებიც უბრალოდ მივიწყებულია და არ ფუნქციონირებს. ამ კუთხით ჩვენ გვჭირდება აქტიურობა და სწრაფი რეაგირება“, - პრემიერის განცხადებას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მთავრობის მეთაური ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ნათია მეზვრიშვილთან ერთად იმყოფებოდა. შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები, ასევე უწყებას დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.