გენერალური პროკურატურა ავრცელებს ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის წერილს. საერთაშორისო ექსპერტებისგან დაკომპლექტებულმა ჯგუფმა, რომელიც პროკურატურას უწევს კონსულტაციას, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის მიმართ წარდგენილი ფულის გათეთრების ბრალდება შეისწავლა.
საქართველოს გენერალური პროკურორისთვის გაგზავნილ წერილში საერთაშორისო ექსპერტები აღნიშნავენ, რომ „მათთვის მიწოდებული მტკიცებულებებიდან აშკარად იკვეთება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სქემა, რომლის მიზანიც იყო ბანკისგან მიღებული თანხების დანაწილების შენიღბვა, რაც წარმოადგენდა ფულის გათეთრებას, რომლის პრედიკატი დანაშაული იყო თაღლითობა“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
წერილში, რომელიც გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის სახელზეა გამოგზავნილი და რომლის ქართულ ენაზე თარგმნილ ვარიანტსაც პროკურატურა ავრცელებს, ვკითხულობთ:
„ბატონო შალვა,
თქვენი თხოვნით ჩამოვაყალიბეთ ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფი (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „ჯგუფი“), რათა პერიოდულად მოგვეწოდებინა ჩვენი წერილობითი მოსაზრება მიმდინარე გარკვეულ გამოძიებებთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია შევაფასოთ სისხლის სამართლებრივი დევნის განსახორციელებლად საჭირო მტკიცებულებების მიზანშეწონილობა და შესაბამისობა.
ახლახან გვთხოვეთ შეგვესწავლა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებული სესხების მიმართ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამ დრომდე შეგროვებული მტკიცებულებები. აღნიშნული სესხები 2007-2008 წლებში გაცემულია სს „თიბისი ბანკი“-ს მიერ ავთანდილ წერეთლის საკუთრებაში არსებულიორი ქართული კომპანიისთვის - შპს „სამგორი M“-ისა და შპს „სამგორი თრეიდისთვის“.
2019 წლის 24 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ბრალი წარუდგინა 2008 წელს განხორციელებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის (ე.ი. ფულის გათეთრება) 16,664,000 აშშ დოლარის ოდენობით; დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით. მოგვიანებით, ბრალი წარედგინა ავთანდილ წერეთელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით. ჩვენ პირადად შევხვდით თქვენს თანამშრომლებს თბილისში. გარდა ამისა, გვქონდა დისტანციური საუბრებიც. ჩვენი ანგარიში, რომელიც თან ერთვის წინამდებარე წერილს, სრულად ეყრდნობა თქვენს მიერ მოწოდებულ მასალებს და ჩვენს განხილვებს. აღნიშნული ანგარიშის მიზანი არ არის სრულად მიმოიხილოს ამ ან მასთან დაკავშირებული საქმეების ფაქტობრივი გარემოებები.ანგარიშის ავტორები ასევეარ აცხადებენ, რომ ისინი არიან ქართული საპროცესო სამართლისა და მისი პრაქტიკაში გამოყენების ექსპერტები.
ჯგუფისთვის მიწოდებული მტკიცებულებებიდან აშკარად იკვეთება მ. ხაზარაძისა და ბ. ჯაფარიძის სქემა, რომლის მიზანიც იყო ბანკისგან მიღებული თანხების დანაწილების შენიღბვა, რაც წარმოადგენდა ფულის გათეთრებას და მისი პრედიკატი დანაშაული იყო თაღლითობა. მტკიცებულებები ცხადყოფს მრავალ დარღვევას, მათ შორის იმ ფაქტს, რომ „თიბისი ბანკი“-სგან თანხების მიღების შემდეგ, შპს „სამგორი M“-მა და შპს „სამგორი თრეიდ“-მა აღნიშნული თანხები უმოკლეს ვადებში გადაურიცხეს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, რომლებიც მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ სს „თიბისი ბანკში“.
გამოძიების პროცესში აღმოჩენილი დარღვევების ცალ-ცალკე განხილვით, შესაძლოა არ დადგინდეს 2007 და 2008 წლებში გაცემულ სესხებთან დაკავშირებით უკანონო ქმედებების არსებობა, მხოლოდ საბანკო სამართლის ტექნიკური დარღვევა. თუმცა, ფაქტები ცალკეულად არ არსებობს. მხოლოდ ჩვენთვის მოწოდებულ მასალებზე დაყრდნობით მივიჩნევთ, რომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლისთვის წარდგენილი ბრალდებები უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის ეფუძნება სათანადო მტკიცებულებებს, რომლებიც ცხადყოფს საჭირო პრედიკატი დანაშაულის - თაღლითობის არსებობას.
როგორც ჩვენს სრულ ანგარიშში დეტალურადაა განხილული, რომელიც უფრო სიღრმისეულად აფასებს კანონს, ფაქტებსა და შესაბამის საკითხებს, რასაც ყურადღებას მიაქცევს და შეაფასებს სასამართლო, ჯგუფი მიიჩნევს, რომ მტკიცებულებები საკმარისია ბრალდების მხარდასაჭერად და ამართლებს მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის პროცედურებს.
მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის.
პოლ კოფი მოშე ლადორი“, - ვკითხულობთ წერილში.
გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ადანაშაულებს ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ საბანკო ოპერაციას.
ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს 2019 წლის ივლისში. აგვისტოში სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ. პროკურატურამ ამ ზომას უწოდა „დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ეკვივალენტების დაყადაღება“.
„თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლებს აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული აქვთ 700 000-700 000 ლარის გირაო.
პროკურატურის ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წელს, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ავთო წერეთლის კომპანიების „სამგორი თრეიდის“ და „სამგორი M“-ისთვის „თიბისი ბანკის“ მიერ გაცემული სესხის გამოყენებით განახორციელეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.
გამოძიება ავთო წერეთელს ედავება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის „16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას და დიდი ოდენობით შემოსავლის მიღებას“.
ამავე საქმეზე, 8 აგვისტოს, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, ავთო წერეთლის შვილი, სამაუწყებლო კომპანია „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელიც დაიკითხა.
ავთო წერეთელს 500-ათასლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.