16 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში უნდა დაწყებულიყო 25 წლის უფლებადამცველის, ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმის განხილვა, მაგრამ მოსამართლე ნათია ბარბაქაძემ სხდომა გადადო, რადგან ერთ-ერთი მსჯავრდებულის, ავთანდილ კანდელაკიშვილის ადვოკატი, ზურაბ ბეგიაშვილი სასამართლო სხდომაზე ვერ გამოცხადდა.
სააპელაციო სასამართლოში საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, შორენა გუნცაძის 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება ყველა მხარემ გაასაჩივრა - საფაროვის მკვლელობაში მსჯავრდებული ავთანდილ კანდელაკიშვილისა და გიორგი სოხაძის ადვოკატებმაც და სახელმწიფო ბრალდების მხარემ, პროკურატურამ.
დაცვის მხარე აცხადებს, რომ ამ მკვლელობას არ ჰქონია ეთნიკური მოტივი. რომ კანდელაკიშვილს საფაროვისთვის არ მიუყენებია სასიკვდილო ჭრილობა, ხოლო სოხაძემ პასუხი უნდა აგოს მხოლოდ პოლიციიისთვის დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის, რადგან მას ვიტალი არ მოუკლავს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოში ისინი სწორედ ამის დამტკიცებას ეცდებიან.
გიორგი სოხაძის ადვოკატი მალხაზ სალაყაია მოელის, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს სააპელაციო სასამართლო გაამართლებს.
Your browser doesn’t support HTML5
ბრალდების მხარეს სჯერა, რომ ეს იყო განზრახ, ჯგუფურად მომხდარი დანაშაული, რომელიც სწორედ ეთნიკურ ნიადაგზე მოხდა - პროკურორი მიხეილ ჩხეიძე მოელის, რომ კანდელაკიშვილს და სოხაძეს ისევ წარედგინებათ მუხლი, რა მოტივითაც, მისი თქმით, მათ მოკლეს ვიტალი საფაროვი - ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო.
Your browser doesn’t support HTML5
ვიტალი საფაროვის ოჯახი კი დარწმუნებულია, რომ იმის მიზეზი, რომ ჩხუბს მხოლოდ ვიტალი შეეწირა, დანარჩენებს კი მცირედი დაზიანებაც არ მიუღიათ, მათი შვილის ეროვნება გახდა.
საფაროვის ოჯახის ადვოკატი ეკა ქობესაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში შენიშნავს, რომ მკვლელების აგრესია სწორედ ვიტალის ებრაელობამ გამოიწვია.
Your browser doesn’t support HTML5
არასამთავრობო ორგანიზაცია "ჩართულობისა და განვითარების ცენტრის" თანამშრომელი, 25 წლის ვიტალი საფაროვი 2018 წლის 30 სექტემბერს, თბილისში, დიუმას ქუჩაზე ბარ "ვარშავის" სიახლოევეს მოკლეს.
ასევე ნახეთ ვიდეო, რომელშიც ვიტალი მოკლეს
საფაროვის საქმე
ვიტალი საფაროვის მკვლელობაში ბრალდებულ ავთანდილ კანდელაკიშვილსა და გიორგი სოხაძეს ბრალი ედებოდათ ვიტალი საფაროვის განზრახ, ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში, რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო.
ეს დანაშაული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109.2.დ.ე. მუხლით ისჯება და 13-დან 17 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.
თუმცა 2019 წლის 27 ივნისს, მოსამართლე შორენა გუნცაძემ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ბრალდებულებს მკვლელობის მოტივად მოუხსნა რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობა და ბრალდებულები მხოლოდ განზრახ, ჯგუფურად მკვლელობაში ცნო დამნაშავედ და 15-15 წელი პატიმრობა მიუსაჯა.
გიორგი სოხაძე ციხიდან: მკვლელი უნდა დაისაჯოს, მაგრამ მე უდანაშაულო ვარ
ვიტალი საფაროვის მკვლელობაში მსჯავრდებული გიორგი სოხაძე რადიო თავისუფლებას ციხიდან ტელეფონით დაუკავშირდა და უთხრა, რომ ის იყო მკვლელობის ადგილზე, თუმცა მას საფაროვის მვლელობაში ბრალი არ მიუძღვის და ერთადერთი, რისთვისაც მან პასუხი შესაძლოა აგოს, დანაშაულის შეუტყობინებლობაა. ის ასევე კატეგორიულად უარყოფს რომელიმე ნეონაცისტური ჯგუფის წევრობას.
იორგი სოხაძე: ყველა მოწმე იძახდა, რომ უდანაშაულო ვიყავი. ერთი თვის შემდეგაც იგივეს ამბობდნენ. ხუთი თვის შემდეგ კი, ერთდროულად, სამ სხვადასხვა მოწმეს უცებ ახსენდება ფაქტები, რაც მთლიანად ცვლის საქმის არსს, რომ ეს უბრალოდ მკვლელობა კი არ იყო, არამედ იყო ჯგუფური მკვლელობა. მოწმეები სასამართლოზე იმასაც ტყუოდნენ, თითქოს ჩვენ დავიწყეთ ეს კონფლიქტი. არადა, ვიდეო კამერების ჩანაწერებში ყველაფერი კარგად ჩანს. როგორ ჩამოვართვით ხელი, როგორ ვცდილობთ მოვიშოროთ ირაკლი ბელთაძე და როგორ მოდის ის მაინც რამდენჯერმე ჩემთან. იმას ვამბობ, რომ როცა მოწმე იტყუება, მის შემდგომ ჩვენებებს რატომ უჯერებენ? მე იმ ჩხუბის დროს ვიტალის არც მივკარებივარ. ამას ყველა ამბობდა პირველ ჩვენებებში.
რადიო თავისუფლება: როგორ ფიქრობთ, ნიკა შანავამ, რომელიც თქვენთან მეგობრობდა, თქვენ რატომ დაგადოთ ხელი?
გიორგი სოხაძე: მე ვფიქრობ, რომ ის დააშინეს. ადვილად მანიპულირებადი იქნებოდა შანავა, რომელიც მაშინ 17 წლის იყო. და კიდევ, როგორც ვიცი, ის ავთოს ნათესავთანაც მივიდა და ბოდიში მოუხადა შეცვლილი ჩვენებისთვის. მამამისი მგონი უშიშროებაში მუშაობდა და მოკლედ, შეეშინდა.
რადიო თავისუფლება: ანუ თქვენ ამბობთ, რომ ვიტალის საერთოდ არ უხსენებია, რომ ის ებრაელი იყო? და არც არავის უყვირია ჩხუბის დროს „მოკალი მაგის ებრაელი დედაო“?
გიორგი სოხაძე: არა, ასეთი რამ მე არ გამიგონია. მე არანაირი აგრესია არ მაქვს უცხოელების მიმართ. სასამართლოზეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, რომ მეც მყავს არაქართველი მეგობრები. ის ბარმენები კი, ვინც ჩემზე ამბობდნენ, რომ აგრესიული ვიყავი, ვიტალის სამეგობროა და ალბათ, ამიტომ ლაპარაკობენ ასე. ზურაბ მორჩილაძეც, ერთ-ერთი მოწმე, რომელიც ჩემს მეგობრად ჩათვალეს, ვიტალის მეგობარი უფრო იყო და არა ჩემი. მე მესმის, რომ ისინი თავიანთი მეგობრისთვის შურისძიებას ცდილობენ, მაგრამ არ ფიქრობენ, რომ ამ ამბავში უდანაშაულო ადამიანიც იჭყლიტება.ყველაზე მეტად იმან გამაბრაზა, რომ ჩემს ტანსაცმელზე ვიტალის სისხლიც კი არ არის აღმოჩენილი. როგორ შეიძლება წინიდან და ზურგიდან დაჭრილი ადამიანი გავაკავო და ერთი წვეთი სისხლი არ მეცხოს?
რადიო თავისუფლება: თქვენ სასამართლოზე აპროტესტებდით და ამბობდით, რომ არ იყავით ულტრა მემარჯვენე ჯგუფების, მაგალითად „ქართული მარშის“ იდეების მიმდევარი ან წევრი, ან სხვა ნეო ნაცისტური ჯგუფის წევრი. რა დამოკიდებულება გქონდათ მათ მიმართ ან თქვენ და ასევე, კანდელაკიშვილს და შანავას?
გიორგი სოხაძე: მე პირადად მათ სულ დავცინოდი და „გრუზინებს“ ვეძახდი. და ავთოს და ნიკას რაც შეეხება, რაც მე ვიცი მათზე, ის არის, რომ რაიმე იდეით შეპყრობილები არ ყოფილან, უბრალოდ, ახალგაზრდები მოხიბლულები იყვნენ ისტორიით და ა.შ. რაღაც თემებით. იდეის მიმდევრობა არ შემიჩნევია მათთვის.
ემზარ კვიციანი: თქვენ ხართ ვიტალი საფაროვი?
ერთი დღით ადრე სააპელაციო სასამართლო სხდომამდე ვიტალის კოლეგამ „ჩართულობისა და განვითარების ცენტრიდან“ გიორგი მარჯანიშვილმა ყველა დეპუტატის, პარლამენტის თავმჯდომარის და პრეზიდენტის სახელზე ერთკითხვიანი წერილი გაგზავნა - „იცი რატომ მომკლეს? ვიტალი საფაროვი“ - ეწერა წერილში.
Your browser doesn’t support HTML5
გიორგი მარჯანიშვილს უკვე გამოეხმაურა ერთი დეპუტატი „პატრიოტთა ალიანსიდან“, ემზარ კვიციანი. მან მარჯანიშვილს დაურეკა და ჰკითხა:
„გამარჯობა, თქვენი წერილი მივიღე და თქვენ ხართ ვიტალი?
სხვა ადრესატები ჯერ „ჩართულობისა და განვითარების ცენტრს“ არ შეხმიანებიან.
ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე შემდგომი სხდომა სააპელაციო სასამართლოში, სავარაუდოდ, 20 ნოემბერს გაიმართება.