სუს-ი არ ადასტურებს სოფელ ყობის მიმართულებით საოკუპაციო ძალების მოძრაობას

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უარყოფს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყობის ტერიტორიაზე უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესის მიმდინარეობას.

„რუსეთის საოკუპაციო ძალები ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ჩორჩანასა და წაღვლის მიმდებარედ აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს, რაც უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესში გამოიხატება. უშუალოდ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყობის ტერიტორიაზე უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესი არ მიმდინარეობს.

რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, სუს-ის მიერ გააქტიურებულია „ცხელი ხაზი” და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

მანამდე მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ლიდერმა დავით ქაცარავამ „ფეისბუკის“ პირად გვერდზე დაწერა, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები სოფელ ყობის მიმართულებით დაიძრნენ.

„ოკუპანტები დაიძრნენ ყობისკენ, რაც ნიშნავს იმას, რომ ძალიან დიდი ალბათობით დღეს, დღის ბოლომდე ყობი მოექცევა საოკუპაციო ხაზის შიგნით. გენადი ბოსიკოვი, ხაშურის რაიონის სოფელ ყობის ერთადერთი და უკანასკნელი მაცხოვრებელი გადაიქცევა ორკების მძევლად, ან ახალ დევნილად“, - დაწერა დავით ქაცარავამ.

მან ჟურნალისტებს და საერთაშორისო საზოგადოებას აქტიურობისკენ მოუწოდა.

საოკუპაციო ხაზთან ვითარება აგვისტოს ბოლოდან დაიძაბა. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს გახსნის გამო, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. სასაზღვრო საგუშაგო დადგეს ოკუპირებული სოფლის, წნელისის მახლობლად, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე.

ამჟამად ჩორჩანასა და წნელისს შორის არსებულ ტერიტორიაზე აღმართულია ე.წ. სამხრეთ ოსეთის ორი დროშა და ერთი უკანონო საგუშაგო.