ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ეხმაურება ცნობას იმის შესახებ, რომ მინისტრი ნათია თურნავა თანამდებობას ტოვებს.
„გავრცელებულ ინფორმაციას არ ვადასტურებთ განსაკუთრებით იმის ფონზე, თუ ვინ არის ამ ინფორმაციის ე.წ. პირველწყარო. აქვე იმასაც გეტყვით, რომ დავით ჭიჭინაძისა და ლევან კობერიძის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია ყოველგვარ არგუმენტს მოკლებულია და გაუგებარია, რას ემსახურება. ამ ბატონებმა ბოლო პერიოდში ეკონომიკის სამინისტროს მისამართით გავრცელებული არაერთი ცრუ ინფორმაციით დაგვამახსოვრეს თავი და, როგორც ჩანს, ახლაც ასე ცდილობენ თავის გამოჩენას. ამასთან, მედიას მივმართავთ თხოვნით, მომავალში ამ ბატონების მიერ გაჟღერებული სხვა ინფორმაცია გავრცელებამდე გადაამოწმონ, რათა საზოგადოება არ შეიყვანონ შეცდომაში“, - აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ნათია თურნავა 2019 წლის 18 აპრილს დაინიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად.
14 ოქტომბერს „ტვ პირველმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თურნავა თანამდებობას ტოვებს.