მიტროპოლიტი ანანია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებაზე: ჩვენი რიგიც ალბათ მოვა

საქართველოს საპატრიარქო

მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი, მეუფე ანანია ჯაფარიძე ამბობს, რომ ავტოკეფალიის მოპოვება პროცესია, რომელიც შესაძლოა, ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდეს.

მიტროპოლიტს ჟურნალისტებმა მცხეთაში, სვეტიცხოვლობის დღესასწაულის აღნიშვნისას ჰკითხეს ელადის ეკლესიის მიერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების და საქართველოს ეკლესიის პოზიციის შესახებ.

„ჩვენ ვართ დიპტიხში და დიპტიხის მიხედვით, ჯერ უნდა ცნოს ალექსანდრიამ, ანტიოქიამ და ასე შემდგომ და ჩვენი რიგიც ალბათ მოვა“, - თქვა მეუფე ანანიამ.

„მხარს ვუჭერთ, რომ ერს უფლება აქვს, ნაციას, სახელმწიფოს ჰქონდეს ავტოკეფალია და ექნება კიდევაც. დადგება დრო მაგისა. ანუ, ეს არის პროცესი, რომელიც გრძელდება. ეს ერთ წელში და ორ წელში არ ხდება. ჩვენ რომ წაგვართვეს რუსებმა ავტოკეფალია, ამის აღდგენას დასჭირდა 100 წელი და კიდევ 50, რუსეთს რომ ეცნო და შემდეგ მსოფლიო საპატრიარქოს“, - განაცხადა მიტროპოლიტმა. მისი თქმით, ავტოკეფალიის აღიარება შესაძლოა ათეულობით წელი გაგრძელდეს: „მთავარია, თვითონ ხალხმა უნდა ისურვოს, უკრაინის ერმა“.

12 ოქტომბერს, კიევის და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა ეპიფანემ განაცხადა, რომ ელადის ეკლესიის ეპისკოპოსთა კრებამ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობა აღიარა.

მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების უფროსის მოადგილემ, ნიკოლაი ბალაშოვმა 12 ოქტომბერს, სააგენტო „რიას“ უთხრა, რომ სინოდი გადაწყვეტს, თუ რა შედეგი ექნება ელადის ეკლესიის გადაწყვეტილებას მისი და მოსკოვის საპატრიარქოს შემდგომ ურთიერთობაზე. ნიკოლაი ბალაშოვის თქმით, განსხვავებით ელადის ეკლესიისგან, რომლის იურისდიქცია საბერძნეთის მთელ ტერიტორიას არ მოიცავს, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მრავალეროვნულია და მისი წევრია უკრაინის მილიონობით მოქალაქე, რომლებსაც არანაირი ავტოკეფალია არ უთხოვიათ.

ელადის ეკლესია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შემდეგ მეორეა, ვინც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა. კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ გადაწყვეტილება 2019 წლის იანვარში მიიღო. მანამდე, 2018 წლის დეკემბერში, კიევში გაიმართა საეკლესიო კრება, რომელზეც ახალ სტრუქტურად გაერთიანდნენ კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია და უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია და ის კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიაკუთვნეს.