აშშ-ის ყოფილი თავდაცვის მინისტრი გამოდის გაფრთხილებით "ისლამური სახელმწიფოს" გაძლიერების საფრთხეზე

აშშ-ის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ჯიმ მეტისი, რომელმაც თანამდებობა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან უთანხმოების გამო დატოვა, გამოდის გაფრთხილებით, რომ ექსტრემისტული ჯგუფი, "ისლამური სახელმწიფო", შეიძლება გაძლიერდეს ტრამპის გადაწყვეტილების ფონზე, ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიიდან გამოეყვანა ჯარები.

"აუცილებელია ზეწოლა შევინარჩუნოთ ['ისლამურ სახელმწიფოზე'], რათა მათ ძალების აღდგენა ვერ შეძლონ", - უთხრა მეტისმა ტელეკომპანია NBC-ს. "ჩვენ შესაძლოა გვსურდეს, ომი დასრულდეს, შეიძლება გამოვაცხადოთ კიდეც, რომ ის დასრულდა", - ამბობს მეტისი და დასძენს: "შეგიძლია ჯარები გამოიყვანო, როგორც ამის მძიმე გამოცდილება მიიღო პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ერაყში, მაგრამ, არმიაში როგორც ვამბობთ ხოლმე, 'ხმას მტერი აძლევს'. და ასეთ შემთხვევაში, თუ ზეწოლას არ შევინარჩუნებთ, 'ისლამური სახელმწიფო' ძალებს მოიკრებს. ცხადია, რომ ისინი დაბრუნდებიან".

ტრამპს ბევრი აკრიტიკებს მას შემდეგ, რაც გამოიყვანა აშშ-ის ჯარები, რომლებიც იმ ადგილებში ქურთთა ხელმძღვანელობით მოქმედ, სირიის დემოკრატიულ ძალებთან თანამშრომლობდნენ "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ ექსტრემისტულმა ჯგუფმა მართლაც დიდი დანაკარგები იწვნია მას შემდეგ, რაც ერთ დროს ერაყის და სირიის მნიშვნელოვან ტერიტორიებს აკონტროლებდა.

კრიტიკოსები ტრამპს ადანაშაულებენ ქურთი მეომრების ღალატში. ქურთთა ძალები ახლა წარმოადგენენ სამიზნეს თურქეთის არმიის მიერ ჩრდილოეთ სირიაში განხორციელებული სამხედრო ოპერაციისა. ანკარა ქურთ მეომრებს ტერორისტებად მიიჩნევს და იმუქრება, რომ მათ რეგიონიდან განდევნის.

როგორ რესპუბლიკელი, ისე დემოკრატი კანონმდებლები აცხადებენ, რომ ტრამპის ნაბიჯი, სავარაუდოდ, "ისლამური სახელმწიფოს" ხელახალ აღორძინებას მოიტანს. ქურთთა ძალების მეთვალყურეობით "ისლამური სახელმწიფოს" 10 000-მდე წევრი იმყოფება პატიმრობაში და ექსპერტები შიშობენ, რომ ისინი ციხიდან გაიქცევიან, ქურთთა და თურქეთის ძალების ერთმანეთთან ბრძოლის ფონზე.