იაპონიას უახლოვდება ტაიფუნი "ჰაგიბისი", არის მსხვერპლი

გავრცელებული ცნობებით, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა, სამი დაკარგულად ითვლება და 70-ზე მეტი დაშავდა ტოკიოში, ტაიფუნ "ჰაგიბისის" მოახლოების გამო. ტაიფუნმა ბოლო 60 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი წვიმა გამოიწვია. "როიტერსის" თანახმად, სახიფათო რეგიონებიდან შესაძლოა ექვს მილიონამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდეს.

ქვეყანაში 800 ათასზე მეტი საცხოვრებელი სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. დახურულია მაღაზიები და ფაბრიკები, არ მოძრაობს მატარებლები, ტოკიოს მეტროს ჩათვლით, გაუქმებულია ავიარეისები. იაპონიის ორ მთავარ აეროპორტში სრულად შეწყვეტილია მუშაობა.

მეტეოროლოგები მოახლოებულ ტაიფუნ "ჰაგიბისს" ადარებენ ტაიფუნ "იდას", რომელიც იაპონიას 1958 წელს დაატყდა თავს და ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.