სალომე ასათიანის პოდკასტი
Your browser doesn’t support HTML5
„ასათიანის კუთხის“ ეს ეპიზოდი ერთი სიმღერის უჩვეულო ისტორიას გიამბობთ. სიმღერისა, რომელსაც ათწლეულამდე დრო დასჭირდა საიმისოდ, რომ ის შეემჩნიათ და დაეფასებინათ - მაგრამ შემდგომში ის ადამიანის ტრიუმფის და ტრაგედიის საერთაშორისო ჰიმნად იქცა. ამ სიმღერას ყოველი თაობა თავიდან აღმოაჩენს და ახალ-ახალ მნიშვნელობებს ანიჭებს ხოლმე. ის ასობით მუსიკოსს აქვს შესრულებული და მაინც პოპულარული კულტურის ერთგვარ საკრალურ ტექსტად რჩება. „ჰალელუიას“ უკრავენ რელიგიურ რიტუალებზე და ოჯახურ დღესასწაულებზე, უკრავენ ქორწილებში და გასვენებებში. უკრავენ, მღერიან და ხშირად არც იციან, რომ ეს სიმღერა კანადელმა მუსიკოსმა და პოეტმა, ლეგენდარულმა ლეონარდ კოენმა დაწერა.
„ჰალელუია“ კოენმა 1984 წელს, 50 წლის ასაკში ჩაწერა სტუდიაში. ეს ის პერიოდია, როცა მუსიკის ინდუსტრიაში გიგანტური მასშტაბის ალბომები იქმნება - მაიკლ ჯექსონის Thriller, პრინსის Purple Rain, ბრუს სპრინგსტინის Born in the U.S.A., მადონას Like a Virgin. ასეთ ფონზე, კოენის სიმღერაც და მისი შემცველი ალბომიც, Various Positions, ვერავინ დააფასა. თითქმის ვერავინ - გარდა ბობ დილანისა, რომელიც კოენს პარიზში შეხვდა, „ჰალელუიას“ შესახებ კომპლიმენტები უთხრა და თავის ტურნეში ეს სიმღერა რამდენჯერმე შეასრულა კიდეც.
ასათიანის კუთხე
Your browser doesn’t support HTML5
„ჰალელუიას“იდუმალი და მრავალშრიანი ტექსტი აქვს - თავად კოენის სტილის და შემოქმედების გათვალისწინებითაც კი. ეს „ჰალელუია“ სეკულარული ალილუიაა - აქ კოენი ერთმანეთს უხამებს სულიერსა და მიწიერს, ამაღლებულსა და ტრივიალურს, რელიგიურსა და ეროტიკულს. ბიბლიურ იერსახეებს - მეფე დავითის მიერ ქნარზე დაკრულ იდუმალ აკორდს, სამსონისა და დალილას ისტორიას - აგრძელებს სტრიქონები მიწიერ, სხეულებრივ სიყვარულზე, ადამიანის დაცემაზე, მარცხზე, ტკივილზე. ყოველი სტროფის ბოლოს ოთხ-ოთხჯერ გამეორებული „ალილუია“ კი თითქოს გვაიმედებს და გვეუბნება, რომ სიცოცხლე და ჩვენი არსებობა დაცემის, დაკარგულობის, ორჭოფობის დროსაც უნდა ვიზეიმოთ და ვადიდოთ. სულერთია, ჩვენი ალილუია წმინდაა, თუ გაბზარული. რადგან „სინათლეს ყველა სიტყვა, ყველა სტრიქონი აფრქვევს“.
„ჰალელუია“ ალბათ ყველაზე ზუსტად ესადაგება კოენისეულ ფილოსოფიას. ამბავს კაცისა, რომელსაც არასოდეს ჰქონდა მზა და მკაფიო პასუხები კითხვებზე, მაგრამ სულ მათ ძიებაში იყო - ებრაულ ტაძრებში, ბუდისტურ სივრცეებში, ევროპაში, აფრიკაში, ისრაელში, კუბაში, სასიყვარულო ურთიერთობებში, საომარ რეგიონებში, ალკოჰოლში. თავის სიმღერებს კოენი უწოდებდა სიყვარულის, სექსის, ომის, რელიგიის და სიკვდილის ფარული მექანიზმების „გამოძიებას“ - დაკვირვებას ჩვენი არსებობის ლამაზ, შემზარავ და იდუმალ სფეროებზე. „როცა მტკივნეული ძიებების ფასად სიბრძნის მარცვალს იპოვიდა, მას ძვირფასი ქვასავით ამუშავებდა და აპრიალებდა, სანამ კვლავ გააგრძელებდა ძებნას“ - წერს ბრიტანელი კრიტიკოსი, დორიან ლინსკი კოენზე და დასძენს: „მისი ნებისმიერი სიმღერა ღუზასავითაა მღელვარე ზღვაში. მას ისეთი წონა აქვს, რომ შეუძლია სიცოცხლე გადაგირჩინოს“.
მაგრამ „ჰალელუიას“ რეალური პოპულარობის მოპოვება 1994 წლამდე არ ეწერა - იმ დრომდე, როცა მას ახალგაზრდა და გამორჩეულად ნიჭიერი ამერიკელი მუსიკოსი, ჯეფ ბაკლი ჩაწერდა თავის ალბომში Grace. ერთადერთ ალბომში, რომელიც ბაკლის სიცოცხლეში გამოვიდა. ჯეფ ბაკლი 1997 წელს, 30 წლის ასაკში, მდინარეში დაიხრჩო. და მისი ულამაზესი „ჰალელუიაც“ ერთგვარ ავტონეკროლოგად იქცა.
ბაკლისთან „ჰალელუია“ სულ სხვა მნიშვნელობებს იძენს. როცა „ჰალელუიას“ ლეონარდ კოენი მღერის - ზრდასრული, 50 წლის პოეტი - ამ სიმღერიდან სიდინჯე, ირონია, დისტანცია, სიბრძნე, განვლილ ცხოვრებაზე განსჯა და სიმშვიდე მოედინება. ბაკლი კი ძალიან ახალგაზრდაა და მის ინტერპრეტაციაში, გიტარის სადა აკორდების თანხლებით,„ჰალელუია“ რომანტიკული სიყვარულის აგონიის, ვნების, ინტენსიური, შიშველი ემოციის ჰიმნი ხდება.
„ჩემთვის ‘ჰალელუიას’ უამრავ ინტერპრეტაციაში განმსაზღვრელად მაინც ეს ორი რჩება - თავად კოენის და ბაკლის ვერსიები. და ეს ორი შესრულება ძალიან განსხვავდება მესიჯითაც, განწყობითაც. როცა ამ ორ ვერსიას ერთმანეთს ადარებ, ემოციური სპექტრი ისეთი დიდი და კონტრასტულია, რომ აშკარად ხედავ, რაოდენ განსხვავებულად გაიჟღერებს ის სხვადასხვა ადამიანისთვის, სხვადასხვა ვითარებაში. სწორედ ეს ხდის ‘ჰალელუიას’ ასეთ მნიშვნელოვან და ამდენი ადამიანისთვის გამორჩეულად ემოციურ სიმღერად“ – ამ სიტყვებს ჩვენი პოდკასტის სტუმარი, ალან ლაიტი გვეუბნება, შეერთებულ შტატებში მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ვეტერანი კრიტიკოსი, ჟურნალების „როლინგ სტოუნის“ და „ნიუ-იორკერის“ ავტორი. 2012 წელს ლაიტმა „ჰალელუიას“ ისტორიას მთელი წიგნი მიუძღვნა, სათაურით „წმინდა თუ გაბზარული: ლეონარდ კოენი, ჯეფ ბაკლი და ‘ჰალელუიას’ უჩვეულო აღმასვლა“.
ალან ლაიტს რამდენიმე კვირის წინ ვესაუბრე ნიუ-იორკში და პოდკასტის ამ ეპიზოდში ის ამ სიმღერის უჩვეულო ისტორიის ბევრ საინტერესო დეტალს გვიყვება. კოენისა და ბაკლის ამ ორი, მთავარი ვერსიის გარდა, გადაცემაში "ჰალელუიას" კიდევ ბევრი სხვა ინტერპრეტაციით მოისმენთ. ამ ყველაფერთან ერთად, ჩვენი პოდკასტის მსმენელი "ჰალელუიას" ტექსტის ქართული ვერსიითაც ისიამოვნებს და, დიდი ალბათობით, აღელდება კიდეც. ლეონარდ კოენის ეს იდუმალი ლექსი ჩვენი პოდკასტის მეგობარმა, პოეტმა ზვიად რატიანმა გვითარგმნა და ძალიან მიხარია, რომ ამ შედევრს მისი ზუსტი და მშვენიერი ინტერპრეტაციით გთავაზობთ.