მიღებული გაქვთ უკანონო გადაწყვეტილება ვანო ჩხარტიშვილის სასარგებლოდ - ოპოზიცია ვლადიმერ კაკაბაძეს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ვლადიმერ კაკაბაძეს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა 11 ოქტომბერს შეახსენეს მის მიერ განხილული საქმე, რომელიც ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის კომპანიის („თბილისის თამბაქოს“) სასარგებლო გადაწყვეტილებით დასრულდა.

11 ოქტომბერს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გრძელდებოდა 20-კაციან სიაში შემავალი კანდიდატების მოსმენა - უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების შერჩევის მიზნით. დეპუტატები შეკითხვებს უსვამდნენ ვლადიმერ კაკაბაძეს.

„ევროპულმა საქართველომ“ დარბაზში აჩვენა ფრაგმენტები „რუსთავი 2“-ის ეთერით 2018 წლის სექტემბერში გასული სიუჟეტისა, რომელიც ფარულ აუდიოჩანაწერს შეეხება. ამ ჩანაწერში ისმის სავარაუდოდ „თბილისის თამბაქოს“ აქციონერის - ირაკლი ჩუბინიშვილისა და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის - ზაზა ოქუაშვილის საუბარი.

„ევროპული სასამართლოს“ წარმომადგენლის, ოთარ კახიძის განმარტებით, ამ საუბარში ნახსენებია „სიგარეტის მსხვილი იმპორტიორის სასამართლოთი გაჩერების“ საკითხი და ეს გარემოება საეჭვოდ ემთხვევა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ვლადიმერ კაკაბაძის მიერ ვანო ჩხარტიშვილის კომპანიის („თბილისის თამბაქოს“) სასარგებლოდ მიღებულ გადაწყვეტილებას.

„თქვენი გადაწყვეტილებით დაადგინეთ, რომ „ფილიპ მორისის“ ქმედებებიდან გამომდინარე ზიანი მიადგა „თბილისის თამბაქოს“ და ამ ზიანის ანაზღაურება დააკისრეთ „ფილიპ მორისს“... შემდეგ, თქვენი გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში...

სააპელაციო სასამართლომ პრაქტიკულად დაადგინა, რომ თქვენ („ფილიპ მორისს“) უკანონოდ დააკისრეთ ზიანის ანაზღაურება; ასევე უკანონოდ დააკისრეთ, მიუღებელი ზიანიდან გამომდინარე - სხვა დანახარჯებიც და მთლიანობაში, მტკიცებულებების გარეშე, ისე, რომ არასწორი კანონი გამოიყენეთ (რადგან დომინირებული მდგომარეობაც არ ეკავა და კონკურენციის რეგულაციაც საერთოდ არაფერ შუაში არ იყო), ასე მიიღეთ გადაწყვეტილება...

სულ 93 მილიონი ლარი დააკისრეთ ამ კომპანიას ასე, მტკიცებულებების გარეშე... რა ვიფიქროთ, ბატონო ვლადიმერ? რა გამოძრავებდათ?“, - ჰკითხა ოთარ კახიძემ ვლადიმერ კაკაბაძეს.

„მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს თანხა არ იყო ჩემი დაანგარიშებული... პატივცემულო, ეს დათვალა ექსპერტიზამ... მე მხოლოდ სამართლებრივი ასპექტები შევაფასე... სტატისტიკურად რომ ავიღოთ, მოსამართლის გადაწყვეტილებების 20-30% უქმდება ზემდგომი ინსტანციის მიერ... მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ იმ გაუქმებული გადაწყვეტილებების 30%-ის შემთხვევაში მოსამართლეს რაღაც ინტერესი ჰქონდა...“, - განაცხადა პასუხად კანდიდატმა კაკაბაძემ.

ვლადიმერ კაკაბაძის განმარტებით, ამ ტიპის დავა მისთვის პირველი იყო და გასაკვირი არ არის, რომ კონკრეტული ტიპის საქმის პირველად განხილვის დროს, მოსამართლემ შესაძლოა „არ განმარტოს კანონი ისე, როგორც ზემდგომს მიაჩნია“.

ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის მისამართით ვლადიმერ კაკაბაძის მიკერძოებულ მიდგომაზე მანამდე ყურადღება გაამახვილა მაჟორიტარმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა. მისი თქმით, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ვანო ჩხარტიშვილის სავარაუდო ზეგავლენის შედეგად და, „სავარაუდოდ, შესაძლებელია, რომ აქ იყოს კორუფციის ამბავიც“.

„მიჩნდება განცდა, რომ როდესაც გადაწყვეტილებას იღებდით, თქვენ იყავით მიკერძოებული მოსამართლე და მე არ მინდა, საქართველოს უზენაეს სასამართლოს ჰყავდეს სავარაუდოდ ისეთი მოსამართლე, რომელიც არის შემჩნეული სავარაუდოდ - მიკერძოებაში და სავარაუდოდ - კორუფციაში“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

„ეს არის ირაციონალური მსჯელობა, რომელიც არ დასტურდება რაიმე სახის მტკიცებულებებით, რადგან ობიექტურად არ არსებობს ასეთი მტკიცებულებები“, - უპასუხა დეპუტატს მოსამართლეობის კანდიდატმა.

ვლადიმერ კაკაბაძე უკვე მეათე კანდიდატია, რომელსაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უსმენენ.

კაკაბაძე 2006 წლის აგვისტოდან 2019 წლის ივლისამდე მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ. 2019 წლის ივლისიდან დღემდე იგი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა.