სასამართლომ ილია ჯიშკარიანს 10 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა

ილია ჯიშკარიანი

სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად გამოიყენა გირაო 10 000 ლარის ოდენობით.

როგორც სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ პროკურორმა თამარ იაკობიძემ მედიასთან განმარტა, ილია ჯიშკარიანს აეკრძალა მსხვერპლთან მიახლოება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და საქმეზე დაკითხულ მოწმეებთან კომუნიკაცია სპეციალური ნებართვის გარეშე.

„აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნის გამოყენებას აქვს თავისი მიზნები“, - განაცხადა პროკურორმა. მისი თქმით, მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ მიიჩნია, რომ ილია ჯიშკარიანის მხრიდან აღკვეთი ღონისძიების მიზნების მიღწევა შესაძლებელი იქნებოდა გირაოს გამოყენების შემთხვევაში, იმ დამატებით ვალდებულებებთან ერთად, რომელიც ბრალდების მხარემ მოითხოვა. „თუ ილია ჯიშკარიანის მხრიდან დაირღვევა აღკვეთის ღონისძიების რომელიმე მოთხოვნა, იქნება გირაოს თანხის გადახდა თუ დამატებითი ვალდებულებები, ბრალდების მხარე უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებას მოითხოვს“, - განაცხადა პროკურორმა.

სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული საკრებულოს დეპუტატის სასამართლო სხდომა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ გაიმართა.

საკრებულოს ორი მოწვევის დეპუტატი ილია ჯიშკარიანი, ერთი კვირაა, მკურნალობის კურსს კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ გადის. ის უარყოფს თავისი თანაშემწის, თამთა თოდაძის ბრალდებას სექსუალური ძალადობის შესახებ და ამბობს, რომ "ამ ამბით შოკირებულია".

სისხლის სამართლის საქმე თბილისის საკრებულოს დეპუტატის მიმართ ორი მუხლითაა აღძრული: 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით (გაუპატიურება) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).