უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატის, საქართველოს გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის წინააღმდეგ დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა გენერალურ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა. შალვა თადუმაძეს ისინი უმაღლესი განათლების დიპლომის გაყალბებას ედავებიან და სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის სავარაუდო ფაქტზე გამოძიების დაწყებას მოითხოვენ.ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, შეძენა, შენახვა გასაღების ან გამოყენების მიზნით
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე კანდიდატმა წარადგინა საბუთი, დიპლომი, რომელიც ასახავს დამახინჯებულ რეალობას, ჯერ ერთი და მეორე, შეიძლება საერთოდ არ ასახავს რეალობას. დამახინჯებული რეალობა გამოიხატება იმაში,რომ კაცი ჩაირიცხა ინსტიტუტში 1994 წელს ფაქტობრივად, ხოლო დიპლომში უწერია 1993. ეს არის ერთი მნიშვნელოვანი რეკვიზიტი,რომელიც შესაძლოა დამოუკიდებლად იყოს სიყალბის მაჩვენებელი. ყველაფერი რომ სწორე იყოს იმ დიპლომში, მარტო ეს შეიძლება იყოს გამოძიების დაწყების საფუძველი" - უთხრა რადიო თავისუფლებას დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფის წევრმა, „ კონსტიტუციის 42-ე“ მუხლის ხელმძღვანელმა კახა წიქარიშვილმა - "თარიღი გაყალბებულია, წლების რაოდენობა გაყალბებულია და გასარკვევია კიდევ საერთოდ სწავლობდა თუ არ სწავლობდა და გასარკვევია, სახელი რა ერქვა იმ ინსტიტუტს, როცა დაამთავრა“, - აღნიშნა კახა წიქარიშვილმა.
სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, შეძენა, შენახვა-გასაღების ან გამოყენების მიზნით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
სახალხო დამცველისა და „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებული ორი დამოუკიდებელი ანგარიშით, გენერალურ პროკურორის, შალვა თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით შეუსაბამობა დგინდება და ის შესაძლოა ვერ აკმაყოფილებდეს კანონის მოთხოვნას უმაღლესი განათლების შესახებ.
შალვა თადუმაძის დიპლომი განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 9 ოქტომბრის სხდომაზე, სადაც დეპუტატების კითხვებს გენერალური პროკურორი უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატის რანგში პასუხობდა.