თურქეთმა სირიაში სახმელეთო ძალები შეიყვანა

თურქეთის არმიის სამხედრო კოლონა სირიის საზღვართან

თურქეთმა სირიაში შეიყვანა შეიარაღებული ძალების სახმელეთო ნაწილები. ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყებიან ადგილობრივი მედიასაშუალებები.

სახმელეთო ოპერაციის დაწყებამდე თურქეთის არმიამ სირიის საზღვართან საავიაციო და საარტილერიო იერიშები მიიტანა. ტელეკომპანია „ალ-არაბიას“ ინფორმაციით, დაიღუპა ორი სამოქალაქო პირი და 19 დაიჭრა. სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, თურქი სამხედროების საპასუხოდ, დაუდგენელმა დაჯგუფებებმა სირიის ტერიტორიიდან თურქეთისკენ ისროლეს ექვსი რაკეტა, ხოლო ქურთმა მეამბოხეებმა ქალაქ ელ-ჰასაკაში ცეცხლი წაუკიდეს ნავთობის რამდენიმე საბადოს.

პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა 9 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ თურქეთის ჯარებმა ჩრდილოეთ სირიაში დაიწყეს ოპერაცია „მშვიდობის წყარო”, რომელიც მიმართულია ტერორისტული დაჯგუფების, „ისლამური სახელმწიფოს“ და ქურთების შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ.

სააგენტო „როიტერსის“ ინფორმაციით, ქურთი და არაბი მებრძოლების კავშირმა აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ საერთაშორისო კოალიციას და გაეროს მოუწოდა, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში უსაფრთხოების ზონა შექმნან, რადგან თურქეთის სამხედრო ოპერაცია ჰუმანიტარულ კატასტროფას და „ისლამური სახელმწიფოს“ აღორძინებას გამოიწვევს.

სირიაში შექმნილი ვითარების გამო, დღეს, 10 ოქტომბერს გაიმართება გაეროს უშიშროების საბჭოს დახურული სხდომა.