ოთარ კახიძე თეა წულუკიანს: ყველა მარცხს დაგილინკავ, რომ არ დაგავიწყდეს

„ლუზერობაზე გამახსენდა - ჩამოთვლა მეზარება და ტაბულას აქვს თავმოყრილი შენი ყველა მარცხი, კომენტარად დაგილინკავ და გადაავლე-ხოლმე თვალი, რომ არ დაგავიწყდეს“, - პასუხობს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი დეპუტატი ოთარ კახიძე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს, რომელიც უფრო ადრე ფეისბუკის გვერდზე გამოეხმაურა ოთარ კახიძის პოსტს.

„ჰოდა მოემზადე, ლუზერო!“ - ასე მიმართა სოციალურ ქსელ ფეისბუკში იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „ევროპული საქართველოს“ დეპუტატს ოთარ კახიძეს.

პოსტი გამოხმაურება იყო ოთარ კახიძის კომენტარზე, რომ თეა წულუკიანი გენერალურ პროკურორად იურისტის დიპლომის გარეშე დაინიშნა.

„ახლა მეორე სერიაა. ეს მორიგი პირია უკვე, რომლის იურიდიული განათლება არის კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს აღარ გვიკვირს“, - განაცხადა ოთარ კახიძემ შალვა თადუმაძის განათლების დიპლომის საკითხის კომენტირებისას.

„შენ ისეთი დიდი იურისტი ხარ დიდი დიპლომით, ოთარ, რომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე პირწმინდად დამარცხდი ჩემს წინააღმდეგ სტრასბურგში და იმედად ისღა დაგრჩა, საკნიდან გაიყვანესო, ამ ეპიზოდსღა ეპოტინები“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა ფეისბუკპოსტში.

„ახლა, რაღა დაგრჩა აბა. თებერვალში დაუსრულდება მისჯილი სასჯელი მერაბიშვილს და რომ გამოვა, მერე მაინც გასცემ ალბათ პასუხს მას იმის შესახებ, თუ რას ატყუებდი, რაში ვერ და არ დაიცავი და რატომ.

ჰოდა მოემზადე, ლუზერო!“, - წერს თეა წულუკიანი.