საკრებულოში „ოცნების“ დეპუტატს თანამშრომელი სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს „ქართული ოცნებიდან“ ილია ჯიშკარიანს, თანამშრომელი ქალი სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

ქალი „მთავარ არხთან“ ჰყვება, რომ ილია ჯიშკარიანი მასზე სექსუალურ ძალადობას შეეცადა. როგორც ქალმა თქვა, დეპუტატმა მას მობილური ტელეფონი გაუტეხა და ფიზიკური დაზიანება მიაყენა.

ილია ჯიშკარიანის თანამშრომლის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარი" იცავს. როგორც ორგანიზაცის წარმომადგენელი ბაია პატარაია ამბობს, ილია ჯიშკარიანი რომ არ იყოს მაჟორიტარი დეპუტატი, უკვე დაკავებული იქნებოდა. პატარაიას თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოების ყურადღება, როდესაც საქმე გავლენიან პირს ეხება, რადგან მოსალოდნელია გარკვეული ჩარევა.

რადიო თავისუფლებას ამ საქმის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს, რომ გამოძიება სამი მუხლით (მუხლი 126. ძალადობა; მუხლი 138. სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება; მუხლი 187. ნივთის დაზიანება ან განადგურება) მიმდინარეობს.

როგორც შსს-ში გვითხრეს, ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები და გამოკითხულია თავად ილია ჯიშკარიანი.