გუგუტიანთკარელი რაზმაძეებისთვის „ლელოს“ მიერ ნაჩუქარი კოტეჯი გორში დასაწყობდება

გუგუტიაანთკარელი რაზმაძეების ოჯახისთვის გადასაცემი ხის კოტეჯის მასალის მოგზაურობა დღეს დასრულდა. სამი დღის განმავლობაში მასალით დატვირთული ავტომობილი სოფელ გუგუტიაანთკარში, სკოლის ეზოში იდგა და დღეს გადაწყდა, რომ კოტეჯს გუგუტიშვილებს მაინც გადასცემენ, მასალას გორში დაცლიან, მოგვიანებით კი სოფელში მიწის ნაკვეთის გამონახვის შემდეგ გადაიტანენ და იქ გამართავენ.

გივი რაზმაძის ვაჟმა, ლევან რაზმაძემ, რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნა, რომ შეთანხმება საზოგადოებრივ მოძრაობა „ლელოს“ წევრებთან უკვე მიღწეულია.

„ამ წუთში სოფელში ვიმყოფები, კოტეჯის მასალას გორში, ჩემი სახლის ეზოში დავცლით და მერე, მიწის გამოყოფის შემდეგ, ისევ გუგუტიანთკარში ჩავიტან და იქ ჩავდგამ. შეთანხმებას უკვე მივაღწიეთ და პრობლემა მოიხსნა“, - უთხრა ლევან რაზმაძემ რადიო თავისუფლებას.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ წარმომადგენლებმა რაზმაძეების ოჯახს კოტეჯი 1 ოქტომბერს გორში ჩაუტანეს, მერიის წინ მიიტანეს და რაზმაძეებს მისი განთავსება გუგუტიანთკარში შესთავაზეს. თუმცა მოულოდნელად გაურკვეველი ვითარება შეიქმნა, როცა რაზმაძეებმა კოტეჯის განთავსება გორში არსებული სახლის ეზოში მოითხოვეს. ეს გაურკვევლობა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდა, რადგან „ლელოს“ წარმომადგენელი თეონა დოლენჯაშვილი აცხადებდა, რომ მოძრაობის მიზანი ის იყო, რომ კოტეჯი აუცილებლად საოკუპაციო ხაზთან ახლოს დადგმულიყო და ოჯახს იქ ცხოვრების შესაძლებლობა მისცემოდა. თეონა დოლენჯაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ მისი დაბნეულობა ოჯახის პოზიციამ გამოიწვია.

„მე იქ ცხოვრებას არ ვაპირებ, იქიდან ხალხი გამორბის და კოტეჯი იქ დამიდგით, სადაც უსაფრთხოდ ვიქნებიო, - ასეთი პოზიცია ჰქონდა ოჯახს, ჩვენ კი თავიდანვე ვამბობდით, რომ კოტეჯი საოკუპაციო ხაზთან უნდა ყოფილიყო, ჩავიტანეთ გუგუტიანთკარში, იქ არაერთი ოჯახი საჭიროებს საცხოვრებელ ბინას და იმ ადამიანებსაც ვესაუბრეთ. საბოლოოდ რაზმაძეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კოტეჯის მასალას, მიწის გამოყოფამდე გორში დაასაწყობებენ და მომავალში მაინც გუგუტიანთკარში ააგებენ. იმედია, ამ პირობას შეასრულებენ და კარგია, რომ ჟურნალისტებთანაც ამას აფიქსირებენ“, - აცხადებს თეონა დოლენჯაშვილი.

მიმდინარე წლის აგვისტოში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში ახალი საოკუპაციო ხაზი გაავლეს. ხაზს მიღმა აღმოჩნდა ომის შედეგად დანგრეული რაზმაძეების ნასახლარიც, მაშინ მასალის გამოსატანად, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოჯახს სამი დღე მისცეს. რაზმაძეებმა თანასოფლელების დახმარებით სახლიდან და ეზოდან სამშენებლო მასალის გამოტანა მოასწრეს. ამის შემდეგ ეს ტერიტორია საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ღობის მიღმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოაქციეს. აგვისტოს ომის შემდეგ რაზმაძეებს, როგორც დევნილებს, სახელმწიფოსგან კომპენსაცია მიღებული ჰქონდათ და ამ ფულით გორში კერძო სახლიც შეიძინეს. მიმდენარე წლის აგვისტოში, კადრების გავრცელების შემდეგ, საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე რაზმაძეების ოჯახს სახლის გადაცემას შეჰპირდა. სამდღიანი გაურკვევლობის შემდეგ კი მასალა ოჯახს ჩაბარდა. თუმცა, პრინციპული პოზიცია ძალაში რჩება და აუცილებელი პირობაა, რომ რაზმაძეებმა ეს კოტეჯი საოკუპაციო ხაზთან ახლოს ჩადგან.