საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ეკონომიკაში ბევრია გამოწვევა, მათ შორის ლარის კურსი. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობას კარგად ესმის, რომ ლარის გაუფასურება სოციალურ კონტექსტში პირდაპირ ზემოქმედებას ახდენს ქვეყნის მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. მთავრობის სხდომის დაწყების წინ გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ლარის სტაბილურობასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს მთავრობა მხარს უჭერს:
„ეროვნული ბანკის მიერ ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები, როგორც განაკვეთის ზრდის, ასევე ინტერვენციების და რაც მთავარია უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნების შემცირების თაობაზე, სრულად არის მხარდაჭერილი საქართველოს მთავრობის მხრიდან. ეს კიდევ ერთხელ მისცემს საშუალებას ჩვენს მოსახლეობას დავანახოთ, როგორც კოორდინირებულად და ეფექტურად შეგვიძლია მუშაობა.
ამ ზომების შედეგად ჩვენს საბანკო სისტემაში გამოთავისუფლდება დაახლოებით 700 მილიონი სავალუტო რესურსი, რომელიც პირდაპირ და სწრაფად უნდა მიეწოდოს ჩვენს ეკონომიკას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ .
პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა მომავალი კვირიდან დაიწყებს პირდაპირ სექტორალურ შეხვედრებს ბიზნესთან, რათა ის ყველა შემაფერხებელი ფაქტორი, რომელმაც შეიძლება დროში გააჭიანუროს ამ რესურსების ათვისება,აღმოფხვრილი იყოს.