ევროკომისიამ „მნიშვნელოვანი ნაბიჯი“ უწოდა „შტაინმაიერის ფორმულის“ თაობაზე მიღწეულ შეთანხმებას, რაც კიევის წარმომადგენელმა, ყოფილმა პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ მინსკში, 1 ოქტომბერს, საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე დოკუმენტზე საკუთარი ხელმოწერით დაადასტურა.
მაგრამ ის, რაც ბრიუსელიდან ქებას იმსახურებს, მზარდი უკმაყოფილების საგანია უკრაინის პოლიტიკურ სპექტრსა და საზოგადოების ნაწილში.
1 ოქტომბრის ღამეს კიევში გაიმართა საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებმა პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაადანაშულეს „კაპიტულანტური“ შეთანხმების ხელმოწერაში. მეორე დღეს კი ცხარე დებატებმა პოლიტიკის კულისებში გადაინაცვლა.
რას ემხრობიან ბრიუსელი, ბერლინი და პარიზი?
„ყველა მხარის ძალისხმევით“ საბოლოოდ მოხერხდება „მინსკის სამშვიდობო შეთანხმების“ რეალიზება.მაია კოციანჩიჩი
კიევის გადაწყვეტილებას 2 ოქტომბერს მიესალმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰეიკო მაასი, ხოლო ევროკომისიის წარმომადგენელმა მაია კოციანჩიჩმა, „შტაინმაიერის ფორმულის“ თაობაზე მიღწეულ შეთანხმებას უწოდა მნიშვნელოვანი ნაბიჯი და იმედი გამოთქვა, რომ „ყველა მხარის ძალისხმევით“ საბოლოოდ მოხერხდება „მინსკის სამშვიდობო შეთანხმებების“ რეალიზება.
როგორც ცნობილია, „შტაინმაიერის ფორმულის“ შეთანხმებაზე ხელმოწერას კიევისაგან დაჟინებით ითხოვდა არა მხოლოდ რუსეთი, არამედ ევროკავშირის ორი წამყვანი ქვეყანა - გერმანია და საფრანგეთი.
უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა, რომელიც დონბასის რეგიონის კონფლიქტის დარეგულირების საკონტაქტო ჯგუფის წევრია, Associated Press-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გამოთქვამდა შიშს, რომ უკრაინის ხელისუფლებას „ძალიან გაუჭირდებოდა“ გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერების ზეწოლასთან გამკლავება.
შესაბამისად, „შტაინმაიერის ფორმულაზე“ საბოლოო შეთანხმებით მოიხსნა ის ბარიერი, რაც ხელს უშლიდა „ნორმანდიის ოთხეულის“ მომდევნო შეხვედრის ჩატარებას.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, არსებობს წინაპირობა იმისა, რომ სულ მალე გაიმართოს სამიტი პარიზში, სადაც იმსჯელებენ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის მოწესრიგების შემდგომ პროგრესზე.
ამ შეხვედრის თარიღის განსაზღვრას ელოდება რუსეთის ხელისუფლება, თუმცა კრემლი თავის პირობას აყენებს.
„ნორმანდიის ოთხეულის“ სამიტის თარიღი საბოლოოდ გაირკევევა მას შემდეგ, რაც დასრულდება და დადასტურდება ძალების დაშორიშორება პეტროვსკოედან და ზოლოტოედან [ლუგანსკის ოლქის ქალაქები. რედ]. მოვლენათა ნორმალურად განვითარების შემთხვევაში, ამას დაახლოებით ორი კვირა დასჭირდება“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, ვლადისლავ სურკოვმა.
თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, აპირებს, რომ „ნორმანდიის ოთხეულის“ მომდევნო შეხვედრაზე წამოჭრას ძალთა დაშორიშორების საკითხი მთელ ტერიტორიაზე, სადაც მოწინააღმდეგის უშუალო შეხების ხაზი გადის.
"რუსული პროექტი", თუ ევროპული გეგმა?
აღმოსავლეთ უკრაინაში არჩევნები არ "ჩატარდება ავტომატის ქვეშ", არ მოხდება „წითელი ხაზების“ გადაკვეთა და „კაპიტულაცია“.ვოლოდიმირ ზელენსკი
„შტაინმაიერის ფორმულის“ წინააღმდეგ ორი კვირის წინ პირველმა გაილაშქრა უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა. ხელმოწერის შემდეგ კი პეტრო პოროშენკომ კიევის მოქმედებას უწოდა „უკრაინის კაპიტულაცია რუსეთის წინაშე.“
„ეს შეთანხმება რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს, რადგან უკრაინას, დონეცკსა და ლუგანსკში არჩევნების ჩატარების პირობის სანაცვლოდ, არ აქვს არანაირი გარანტია, რომ აღადგენს კონტროლს რუსეთთან დამაკავშირებელი სახელმწიფო საზღვრის ყველა მონაკვეთზე“, - განაცხადა პოროშენკომ 2 ოქტომბერს ჟურნალისტებთან საუბრის დროს.
შეთანხმებას უკრაინის უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის „პირდაპირ საფრთხედ“ მიიჩნევს ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო, რომლის განცხადება პარტია „ბატკივშჩინამ“ გაავრცელა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც „შტაინმაიერის ფორმულის“ გამო მისი მოღვაწეობის განმავლობაში ყველაზე სერიოზული კრიტიკის ქვეშ აღმოჩნდა, 2 ოქტომბერს პირობა დადო, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში არჩევნები არ "ჩატარდება ავტომატის ქვეშ", არ მოხდება „წითელი ხაზების“ გადაკვეთა და „კაპიტულაცია“.
გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის მიერ „ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრის მონაწილეებისათვის 2015 წელს პარიზში შეთავაზებული კომპრომისული ფორმულის თანახმად, „განსაკუთრებული სტატუსი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ცალკეულ რაიონებში ძალაში შედის ადგილობრივი დროით 20:00 საათზე ვადამდელი არჩევნებისას, რომელიც ინიშნება და ტარდება უკრაინის კონსტიტუციისა და ასევე, ზემოხსენებულ რეგიონებში ვადამდელი ადგილობრივი არჩევნების ჩატარების მარეგულირებელი, უკრაინის სპეციალური კანონის შესაბამისად“.
ასევე ნახეთ შტაინმაიერის თუ ლავროვის „ფორმულა“?ამ ფორმულაში აღნიშნულია, რომ კანონი განსაკუთრებული სტატუსის შესახებ მხოლოდ დროებით იმოქმედებს, ვიდრე ეუთოს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ოფისი (ODIHR) არ გამოაქვეყნებს არჩევნების შესახებ შემაჯამებელ მოხსენებას. ანუ განსაკუთრებული სტატუსის კანონი ძალაში შევა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეუთო აღიარებს, რომ არჩევნები დონეცკსა და ლუგანსკში ჩატარდა სტანდარტის შესაბამისად.
მაგრამ უკაინის ოპოზიციას არ სჯერა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში სამართლიანი არჩევნების ჩატარება შესაძლებელია რუსული ოკუპაციის პირობებში.
"არჩევანი ომსა და სირცხვილს შორის"
ზელენსკიმ აირჩია სირცხვილი და ახლა ის მიიღებს ომსანდრეი ბილეცკი
უკრაინის „ვერხოვნა რადას“ ყოფილმა სპიკერმა, დეპუტატმა ანდრეი პარუბიმ პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ პარლამენტში გაიმართოს მოსმენები „შტაინმაიერის ფორმულაზე“ შეთანხმების გარშემო და გააკრიტიკა მმართველი პარტია „ხალხის მსახური“, ხალხის ზურგს უკან, ფარული გარიგებისთვის.
მაგრამ სანამ პარლამენტის დღის წესრიგში შეიტანდნენ, „შტაინმაიერის ფორმულამ“ კვლავ გამოიყვანა უკმაყოფილო ადამიანები კიევის ქუჩებში. ულტრამემერჯვენე და ნაციონალისტურად განწყობილი ჯგუფების საპროტესტო აქცია ლოზუნგით „არა კაპიტულაციას“, “არა პუტინის გეგმას“! - უკრაინის დედაქალაქში სპონტანურად, 1 ოქტომბერსვე გაიმართა.
„ზელენსკიმ აირჩია სირცხვილი და ახლა ის მიიღებს ომს“, - განაცხადა აქციაზე ულტრამემარჯვენე გაერთიანება „ნაციონალური კორპუსის“ ლიდერმა ანდრეი ბილეცკიმ.
ნაციონალისტური პარტიის - „სვობოდას“ წევრმა იური სიროტიუკმა ქვეყნის პრეზიდენტი „ღალატის ჩადენაში“ დაადანაშაულა.
2 ოქტომბერს პრეზიდენტის ოფისთან შეკრებილი დემონსტრანტები მშვიდობიანი მსვლელობით გაემართნენ „მაიდან ნეზალეჟნოსტისკენ“ (თავისუფლების მოედნისკენ). როგორც უკრაინული მედია წერს, ოთხშაბათს მცირერიცხოვანი საპროტესტო აქციები გაიმართა ხარკოვში, ლვოვსა და მარიუპოლში.
ჯერჯერობით უცნობია მომდევნო საპროტესტო აქციების დრო და ადგილი.
ამასობაში უკვე ცნობილი გახდა სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგი, რაც აშკარად მეტყველებს ვოლოდიმირ ზელენსკის მხარადამჭერთა რაოდენობის პირველ სერიოზულ შემცირებაზე - ზელენსკისა, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ასევე დიდი უპირატესობით გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში.
სოციოლოგიურ ჯგუფ „რეიტინგის“ თანახმად, 23%- ი ეწინააღმდგება „შტაინმაიერის ფორმულას“, 18%-ი მხარს უჭერს, ხოლო გამოკითხულთა ორმა-მესამედმა, დაახლოებით 60%-მა, პროცენტმა ვერ შეეძლო შეეფასებინა აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის სამშვიდობო მოწესრიგების ავკარგიანობა.