მთავრობის დადგენილებით, აბასთუმნის ობსერვატორია ილიაუნის გამოეყოფა

საქართველოს მთავრობის 30 სექტემბრის დადგენილებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს გამოეყოფა და ცალკე საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდება ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია.

დადგენილება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შემდეგ ვალდებულებას აკისრებს:

ა) განახორციელოს სსიპ - საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის სახელმწიფო კონტროლი;

ბ) უზრუნველყოს სსიპ - საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის უფლებამოსილი პირის დანიშვნა, კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ახალ იურიდიულ პირს თანამშრომლების ვაკანტურ ადგილებზე გადაყვანა დაევალა.

მთავრობის დადგენილებას ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აწერს.

მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტით, რომელსაც მსოფლიო ბანკი აფინანსებს, გათვალისწინებულია ევგენი ხარაძის სახელობის ნაციონალური ასტროფიზიკური ობსერვატორიის რეაბილიტაცია. პროექტი მოიცავს დიდი ტელესკოპის AZT-11-ის შენობის სრულ რეაბილიტაციას, სადაც განთავსდება ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრი, კაფე, მოეწყობა საგამოფენო და სამუშაო სივრცე და აღდგება არსებული ბიბლიოთეკა.

ობსერვატორია 1932 წელს ევგენი ხარაძემ დააარსა. ობსერვატორიის სამეცნიერო კვლევების ძირითადი მიმართულებებია გალაქტიკების, ვარსკვლავების, მზის სისტემების ცდომილების და ზედა ატმოსფეროს შესწავლა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ობსერვატორიას წელიწადში, დაახლოებით, 10 ათასი ტურისტი სტუმრობს.

2018 წლის აგვისტოში პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აბასთუმანში ოჯახთან ერთად დასასვენებლად ჩავიდა და კურორტზე არსებული მდგომარეობის გაცნობა გადაწყვიტა.

„აბასთუმანი უნდა გახდეს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი მსოფლიოში, არა მარტო საქართველოში“, - თქვა მმართველი პარტიის დამფუძნებელმა.