„აჭარის ტელევიზია ეკუთვნის ხალხს და არა ხელისუფლებას“ - სოლიდარობის აქცია ბათუმში

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხის ქვეშაა, - მიაჩნიათ აქციის მონაწილეებს. მათ ბათუმში, ევროპის მოედანზე, სოლიდარობის აქციით მხარდაჭერა გამოუცხადეს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს, რომლებმაც დღეს მხარდაჭერა სთხოვეს საზოგადოებრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე დიპლომატიურ კორპუსს.

აქციაზე მყოფი ბათუმის დემოკრატიის სკოლის წარმომადგენელი თამარ მამეიშვილი ამბობს: „ჩვენ გვქონდა მოლოდინი, რომ დემოკრატიული პროცესი, რომელიც ბოლო წლებია დაწყებულია რეგიონულ საზოგადოებრივ მაუწყებელში, რაც საზოგადოების მონაპოვარია, გაგრძელდებოდა. ამას ექნებოდა ლოგიკური შედეგი. განსაკუთრებით იმ ფონზე, რა მედიაგარემოც გვაქვს ქვეყანაში. ჩვენ დავინახეთ, რომ მრჩეველთა საბჭოს მიერ ჩატარებული ვერცერთი კონკურსი ვერ შედგა. დარჩა განცდა, რომ ხელისუფლების თვითმიზანი იყო, საბჭოს ამ შემადგენლობით ვერ აერჩია დირექტორი. როცა მეოთხე კონკურსი გამოცხადდა, მართლა გაჩნდა განცდა, რომ ახლა ეს საბჭო, რომლის ამ შემადგენლობას ვადა ეწურება, აირჩევდა დირექტორს, ჩვენ დავინახეთ, რომ ისევ დაიწყეს პროცესის მართვა და გამოიყენეს სასამართლო ხელისუფლება, რომელმაც ერთი საათით ადრე შეაჩერა კონკურსი მოსმენის გარეშე. დასაბუთება კი სრულიად გაუგებარია. რადგან სასამართლო ამბობს, რომ ბოლო კონკურსის დროს სხდომაში სამი წევრი მონაწილეობდა, როცა სხდომის ოქმში ცხადად წერია ოთხი წევრის მონაწილეობის შესახებ“.

30 სექტემბერს მაუწყებლის ჟურნალისტების ნაწილმა განცხადება გაავრცელა, სადაც პროცესში პოლიტიკურ ჩარევაზე მიანიშნეს. ისინი სასამართლოს, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტის, გამოყენებაზე ეჭვს გამოთქვამენ.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 24 სექტემბერს შეაჩერა მაუწყებლობის დირექტორის შესარჩევი მეოთხე კონკურსი. ამ კონკურსით კი აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ამ შემადგენლობას ჰქონდა დირექტორის არჩევის უკანასკნელი შანსი.