ბათუმის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა "ბათუმის ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის" სარჩელი. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ უკანონოდ და დისკრიმინაციულად მიიჩნია ბათუმის მერიის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომლითაც უარი ეთქვა მუსლიმ თემს ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობაზე. სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მესამე მოთხოვნა, რომელიც გულისხმობდა მერიისათვის ნებართვის გაცემის დავალდებულებას. მოსამართლის შეფასებით ეს უკანასკნელი არის მუნიციპალიტეტის დისკრეციული უფლებამოსილება.
ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ 2017 წლის 5 მაისს ქალაქში ახალი მეჩეთის მშენებლობის გაცემაზე უარი უთხრა მუსლიმ თემს. ბათუმის მერიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი „ბათუმის ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა“ 2017 წლის 10 ივნისს შეიტანა. მუსლიმი თემის მოთხოვნა იყო ბათუმის მერიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, დისკრიმინაციის დადგენა და მერიის დავალდებულება შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოსაცემად.