რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, მასთან შეხვედრის ინიციატივა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისგან, დავით ზალკალიანისგან მოდიოდა. ეს განცხადება სერგეი ლავროვმა გააკეთა 27 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ბოლო დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, როდესაც მას დაუსვეს შეკითხვა რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის პერსპექტივის შესახებ.
ლავროვი ამბობს, რომ ღიმილსა და გაოცებას იწვევს ქართული მხარის მიერ ამ შეხვედრის შესახებ გაკეთებული კომენტარები.
„26 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან შედგა შეხვედრა, რომლის გამართვაც თავად ითხოვა. შემდეგ მე წავიკითხე მისი ვრცელი კომენტარები, რომლებმაც, ჩემი აზრით, მას იმაზე მეტი დრო წაართვა, ვიდრე თავად ამ შეხვედრამ. სხვა საკითხებთან ერთად, მას აინტერესებდა, როდის იქნება შესაძლებელი ავიამიმოსვლის განახლება. მე მას ავუხსენი, რომ ჩვენ არასოდეს ვეძებდით ხელოვნურ მიზეზებს საქართველოსთან საჩხუბრად...
თუკი საქართველოს ხელისუფლება შეძლებს პასუხისმგებლიანად წასწიოს წინ თავისი პოზიცია რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების სასარგებლოდ და ყურადღებას არ მიაქცევს რუსოფობებს, რომელთა გამოყენებასაც ახლა, ჩემი აზრით, ძველი პრეზიდენტი ცდილობს რეჟიმთან საბრძოლველად თბილისში, მაშინ, ალბათ, მე პირადად განვაახლებდი საჰაერო მიმოსვლას...
კომენტარები, რომლებსაც თავად ქართველები აკეთებენ ამ შეხვედრასთან დაკავშირებით, ჩემს ღიმილსა და გაოცებას იწვევს“, - განაცხადა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ავიამიმოსვლის აღდგენა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც საქართველოს ხელისუფლება შეძლებს აღკვეთოს იმის მსგავსი ინციდენტები, რაც თბილისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გამართვის დროს მოხდა რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის შემთხვევაში.
„გადაწყვეტილება საქართველოში ფრენების შეჩერებასთან დაკავშირებით მიღებულ იქნა ოპოზიციონერების აღმაშფოთებელი საქციელის საპასუხოდ. მათ ჩაშალეს მართლმადიდებლობის საპარლამეტთაშორისო ასამბლეის სხდომა. ეს იყო წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია. იძალადეს ჩვენს დეპუტატებზე. როდესაც ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, გამოცხადდა, რომ ეს დროებითი ზომა იყო და ჩვენ მას გავაუქმებთ მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლებაში გაიაზრებენ ასეთი ექსცესების აღმოფხვრის აუცილებლობას“, - განაცხადა ლავროვმა.
საქართველოს საგარეო უწყებამ 27 სექტემბერსაც უარყო რუსეთის მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, ნიუ-იორკში, ქართული მხარის ინიციატივით შედგა.
საქართველოს ოფიციალური განცხადებით, ლავროვისა და ზალკალიანის შეხვედრა „შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით“ და ასევე, საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციების შედეგად გაიმართა.