საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის ნიუ იორკში გამართული შეხვედრის შესახებ.
უწყების თანახმად, შეხვედრა „შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა“.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, „შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ დაისვა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი, საუბარი შეეხო არსებული უსაფრთხოების გარემოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ პროცესებს, ასევე საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არსებულ პრობლემურ საკითხებს“.
ნიუ იორკში შემდგარი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მანამდე გაავრცელა რუსეთის საგარეო უწყებამ, რომლის თანახმადაც, "საუბრის მსვლელობისას, განხილული იყო ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები. გაიცვალა მოსაზრებები რეგიონული უსაფრთხოების პრობლემატიკაზე“.
მანამდე, 26 სექტემბერსვე საქართველოს მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის კომენტარები. ერთ-ერთი კომენტარი ასეთია: „თითქმის ყველა შეხვედრაზე, ჩვენმა დელეგაციამ ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან მიიღო გზავნილი, რომ სასურველია, შედგეს კომუნიკაცია რუსეთის მხარესთან. ამის შემდეგ იყო შემოთავაზება ჩვენი შვეიცარიელი მეგობრებისგან, კოლეგებისგან, რომ მათი ჩართულობით ასეთი კომუნიკაცია შედგეს. ჩვენმა დელეგაციამ გაიარა შესაბამისი კონსულტაციები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და ამის შემდეგ ჩვენმა დელეგაციამ დაუდასტურა შვეიცარიელ მეგობრებს, რომ მზად არიან ამ კომუნიკაციისთვის. დამატებით ინფორმაციას ჩვენ ველით ნიუ-იორკიდან. როგორც კი მივიღებთ ამ ინფორმაციას, რა თქმა უნდ,ა გაგაცნობთ ამის შესახებ“.