ნიუ-იორკში შედგა დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ცნობას რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ. სამინისტროს ოფიციალური ვებ-საიტის თანახმად, სერგეი ლავროვისა და დავით ზალკალიანის შეხვედრა 26 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის პარალელურად შედგა და მის ორგანიზებაში მონაწილეობდა შვეიცარია, რომელიც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში შუამავლის როლს ასრულებს.

რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, „საუბრის მსვლელობისას, განხილული იყო ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები. გაიცვალა მოსაზრებები რეგიონული უსაფრთხოების პრობლემატიკაზე“.

26 სექტემბერსვე საქართველოს მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის კომენტარები. ერთ-ერთი კომენტარი ასეთია: „თითქმის ყველა შეხვედრაზე, ჩვენმა დელეგაციამ ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან მიიღო გზავნილი, რომ სასურველია, შედგეს კომუნიკაცია რუსეთის მხარესთან. ამის შემდეგ იყო შემოთავაზება ჩვენი შვეიცარიელი მეგობრებისგან, კოლეგებისგან, რომ მათი ჩართულობით ასეთი კომუნიკაცია შედგეს. ჩვენმა დელეგაციამ გაიარა შესაბამისი კონსულტაციები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და ამის შემდეგ ჩვენმა დელეგაციამ დაუდასტურა შვეიცარიელ მეგობრებს, რომ მზად არიან ამ კომუნიკაციისთვის. დამატებით ინფორმაციას ჩვენ ველით ნიუ-იორკიდან. როგორც კი მივიღებთ ამ ინფორმაციას, რა თქმა უნდა, გაგაცნობთ ამის შესახებ“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოგვიანებით გაავრცელა ინფორმაცია დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის ნიუ-იორკში გამართული შეხვედრის შესახებ. უწყების თანახმად, შეხვედრა „შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა“.

საქართველოს საგარეო უწყების თანახმად, „შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ დაისვა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი, საუბარი შეეხო არსებული უსაფრთხოების გარემოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ პროცესებს, ასევე საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არსებულ პრობლემურ საკითხებს“.