მირანდა ერემაძე: 17 მაისი არის ოჯახის სიწმინდის დღე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა მირანდა ერემაძემ, რომელიც პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში პარლამენტარების კითხვებს პასუხობს, რომან გოცირიძის კითხვაზე, რა დღეა მისთვის 17 მაისი, უპასუხა, რომ 17 მაისი ეკლესიის მიერ დაწესებული ოჯახის სიწმინდის დღეა.

რომან გოცირიძე: თუმცა ეს არ არის სახელმწიფოს მიერ აღიარებული ოფიციალური დღე. ეს ეკლესიის მიერ დაწესებული დღეა. რატომ არ ამბობთ, რომ 17 მაისი ასევე არის ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე

მირანდა ერემაძე: ესეც არის კი...

რომან გოცირიძე: როგორც 8 მარტი არის საერთაშორისო დღე, ასევე არის 17 მაისი ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. ამას რატომ არ ამბობთ?

მირანდა ერემაძე: მაინცდამაინც თარიღში თანხვედრა რომ მოხდა, არ ნიშნავს იმას, რომ ან ერთს, ამ მეორეს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა. ეკლესიის გადაწყვეტილება იყო,. ჩვენ ვართ სეკულარული სახელმწიფო. სახელმწიფო არ ერევა ეკლესიის გადაწყვეტილებაში. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ეკლესიის გადაწყვეტილებას.

რომან გოცირიძე: თქვენ ფიქრობთ, რომ შემთხვევითი თანხვედრა მოხდა?

მირანდა ერემაძე: არ ვიცი ბატონო რომან, გადაწყვეტილებას არ ედო საფუძვლად და რატომ იყო ეს დღე არჩეული .

დეპუტატის კითხვას 17 მაისთან დაკავშირებით წინ უსწრებდა კითხვა ქალებთან დაკავშირებული ოფიციალური დასვენების დღეების შესახებ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა თქვა, რომ თუკი მისი გადასაწყვეტი იქნებოდა, მარტში ქალებთან დაკავშირებულ 2 დასვენების დღიდან, 3 და 8 მარტიდან არც ერთს არ გააუქმებდა და ორივეს დატოვებდა, იმის გამო, რომ ეს "ქალებისთვის დიდი ფუფუნებაა."

ოჯახის სიწმინდის დღე საპატრიარქოს გადაწყვეტილებით 17 მაისს მას შემდეგ აღინიშნება, რაც ულტრანაციონალისტურად განწყობილმა რადიკალურმა ჯგუფებმა არაერთხელ შეუშალეს ხელი ლგბტ თემს და მათ მხარდამჭერებს აღენიშნათ თბილისში ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. ოფიციალურად სახელმწიფო ამ დღეს არ აღიარებს, ეკლესია კი ხალხმრავალი აქციებით და მსვლელობებით აღნიშნავს.

მირანდა ერემაძე უკვე მეოთხე კანდიდატია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტში გადაგზავნილი უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატების სიიდან. კომიტეტზე უკვე მოუსმინეს თამარ ალანიას, მერაბ გაბინაშვილს და შოთა გეწაძეს.

მირანდა ერემაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეა. 2019 წლის აგვისტოდან არის „საქართველოს ქალ მოსამართლეთა ასოციაციის“ თავმჯდომარე.

მოსამართლეობის კანდიდატთა პირველი 10-კაციანი სიის განხილვას პარლამენტში პრობლემები შეექმნა 2018 წლის დეკემბერში. 2019 წლის 4 სექტემბერს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, კენჭისყრის შედეგად შედგა ახალი 20-კაციანი სია.